საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საკადრო ცვლილებები მთავრობაში

5 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი. გრიგოლ მგალობლიშვილმა დამსწრეთ გააცნო გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებების შესახებ მთავრობის შემადგენლობაში.

"ჩემი დანიშვნის შემდგომ პრეზიდენტს ვთხოვე მოეცა ვადა იმისთვის, რომ გადამეწყვიტა თუ რა მიმართულებებით იყო საჭირო მთავრობის განახლება. ბოლო დღეების განმავლობაში მე ვაწარმოებდი კონსულტაციებს როგორც პრეზიდენტთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვთვლი, რომ რეფორმების ცხოვრებაში გასატარებლად და დანაპირების შესასრულებლად, ქართული ინსტიტუტების შემდგომი განმტკიცებისთვის და დემოკრატიზაციის გაღრმავებისთვის საჭიროა რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში ცვლილებები ეხება თავდაცვის სფეროს. მინდა მადლობა გადავუხადო დავით კეზერაშვილს გაწეული სამუშაოსთვის. მან ძალიან რთულ პერიოდში მნიშვნელოვან გამოწვევებს გაართვა თავი, თუმცა ახლა არის დრო მოხდეს ამ მიმართულებებზე ახალი ენერგიით მუშაობა. მე ვაკისრებ ბათუ ქუთელიას მინისტრის მოვალეობის უფლებამოსილების შესრულებას.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, იმ გამოწვევების ფონზე რის წინაშეც დღეს საქართველო დგას, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საგარეო მიმართულება. დღეს საქართველოს დაუპირისპირდა მნიშვნელოვანი მანქანა. საჭიროა უფრო მეტი გამოცდილება. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ეკა ტყეშელაშვილს და ქართველ დიპლომატებს, რომელბმაც ქვეყნისთვის ურთულეს დროს გაუძლეს მნიშვნელოვან გამოწვევებსა და სირთულეებს. ვთვლი, რომ ახლა არის დრო როცა საჭიროა ახალი გამოცდილება, ახალი ენერგია. მე პრეზიდენტს ამ თანამდებობაზე ვთავაზობ გია ვაშაძის კანდიდატურას.

კიდევ ერთი სფერო, რომელიც აუცილებლად მოითხოვს განახლებას, რეფორმირებას ეს არის განათლება. მინდა მადლობა გადავუხადო გია ნოდიას გაწეული მუშაობისათვის და ამ თაბნამდებობაზე წამოვაყენო ნიკა გვარამიას კანდიდატურა.

ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მიმართულების განვითარება. ეს არის მიმრთულება, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს წინ აღვუდგეთ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ. მე მინისტრის თანამდებობა შევთავაზე ზურაბ აბაშიძეს. ადამიანს,რომელმაც ძალაინ კარგად იცის ეს სფერო და რომელსაც შესწევს ძალა მოახდიანოს ქართული კულტურის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ზურაბ აბაშიძემ მე მთხოვა ერთდღიანი ვადა, რათა მისი ოჯახური გარემოებებიდან გამომდინარე გაიაზროს ეს პასუხისმგებლობა. მე იმედი მაქვს რომ ბ-ნ ზურაბი დაგვთანხმდება და მიიღებს მონაწილეობას მთავრობის ახალ შემადგენლობაში."-განაცხადა გრიგოლ მაგლობლიშვილმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი