საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

2008 წლის 9-11 ოქტომბერს თბილისში, გაიმართა ევროპული რესურსების ბანკის მე–5 შეხვედრა

2008 წლის 9-11 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა ევროპული რესურსების ბანკის მე-5 შეხვედრა ( The 5th European Resource Bank Meeting - ERBM) თემაზე "რესურსები, როგორც წარმატებული რეფორმების საფუძველი" (Resources to undertake successful reforms).

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე ევროპული რესურსების ბანკის მე-5 შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ- მინისტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნული შეხვედრა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. მასში მონაწილეობის მისაღებად თბილისში შეიკრიბა 30-ზე მეტი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია. "ეს ისეთი ეკონომიკური კვლევითი ორგანიზაციებია, რომლებიც განსაკუთრებით აქცენტირებას ახდენენ თავისუფალ ბაზარზე და ლიბერალურ ეკონომიკაზე. სასიამოვნოა, რომ ისინი წელს თბილისში შეიკრიბნენ, ეს დიდი პატივია. კიდევ უფრო სასიამოვნოა, რომ შეიკრიბნენ ასეთ დროს თბილისში. მათი რეკომენდაციები, მათთან გამოცდილების გაზიარება ძალიან ღირებულია ჩემთვის, ჩემი კოლეგებისთვის, ქართველი ეკონომისტებისთვის, მათთვის, ვინც ლიბერალურ სკოლას წარმოადგენს. აღსანიშნავია ის, რომ არსებობს სხვა განვითარებადი ქვეყნები, რომლებსაც აინტერესებს ჩვენი გამოცდილება კონკრეტულ დარგებში. იქედან გმომდინარე, რომ ჩვენთან გასაკეთებელი ძალიან ბევრია, სიღარიბე, სამწუხაროდ, არის ძალიან მაღალი, უმუშევრობა პრობლემად რჩება, ნებისმიერი ასეთი ჭკვიანი ადამიანების ჩამოსვლა, მათთან ურთიერთბის საშუალება არის ძალიან სასარგებლო.

ჩვენ მათ გავაცანით ეკონომიკის წახალისებასთან, სამუშაო ადგილების შექმნასთან და ამერიკის და ევროპის ბაზრებზე გასვლასთან დაკავშირებული ჩვენი გეგმები და იმედები. რა თქმა უნდა სიამოვნებით მოვისმენთ მათ რეკომენდაციებს ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი