საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

29 სექტემბერს სახელმწიფო კანცელარიაში ვლადიმერ გურგენიძე ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დამთავრებისთანავე პრემიერ-მინისტრმა პრესასთან დაწვრილებით ისაუბრა ვიზიტის დეტალებზე ." ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ნაბიჯი ქართული
პროდუქციისათვის, ბიზნესისათვის, მეწარმეებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ამერიკის უდიდესი ბაზარი. დასაფასებელია, რომ ძალიან მოკლე ხანში მოხდა ამ საკითხის დასმა. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 3 სექტემბერს გააჟღერა ეს ინიციატივა და მიუხედავად იმისა, რომ თვე ჯერ კიდევ არ დამთავრებულა საქართველოში უკვე იმყოფება ამერიკის მთავრობის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც ქართულ მხარესთან ერთად იმუშავებს თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე. ამჯერად ჩვენ გვაქვს უტარიფო ექსპორტის საშუალება 3400 კატეგორიის პროდუქციაზე, თუმცა საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს. მომავალში საუბარი იქნება ამ სიის გაფართოვებაზე ისეთი პროდუქციით, როგორიცაა ღვინო და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტები." -განმარტა ვლადიმერ გურგენიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ვალდებულებებზეც, რომელიც ქართულ მხარეს ეკისრება. მთავარი საკითხი ქართული ბაზრის გახსნილობაა, რომელიც არ წარმოადგენს კონცეპტუალურ პრობლემას, იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფალი ვაჭრობა ყველა ქვეყანასთან გვაქვს, თუმცა გარკვეული პროცედურები მაინც იქნება ჩასატარებელი. "მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამერიკის კონსტიტუცია ისეა მოწყობილი, რომ ვაჭრობის თემა კონგრესის პრეროგატივაა. მთავრობა მხოლოდ ამზადებს საკითხს და ნებისმიერ შემთხვევაში მას კონგრესი წყვეტს. აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ რატიფიცირების კუთხით, არამედ ისინი შინაარსსაც უყურებენ, თუ რა წერია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში. ეს პროცესი საქართველოს წინ აქვს. ამ მიმართულებით წინ მივიწევთ ევროპასთანაც. ჩვენ არ დავიშურებთ დროსა და რესურსს ქართული პროდუქციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობისათვის მსოფლიოს ამ ორ უდიდეს ბაზარზე."- დასძინა ვლადიმერ გურგენიძემ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი