საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

15 სექტემბერს ნატო-საქართველოს კომისიის პირველი დამფუძნებელი სხდომა გაიმართა

2008 წლის 15 სექტემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ნატოს გენერალური მდივნის იააპ დე ჰოოპ სხეფერის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის პირველი დამფუძნებელი სხდომა ფორმატით - 26+1. გენერალურ მდივანთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ ალიანსის 26 წევრი ქვეყნის ელჩები.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარებული პროცესის დეტალებზე, რუსული აგრესიის შედეგებზე, საქართველოში რუსული აგრესიის შედეგად არსებულ ვითარებაზე, საქართველო-ნატოს კომისიის შექმნასა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის დეტალების შესახებ.

ნატო-ს საბჭოს სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა გახსნეს.

აგრეთვე, ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ გურგენიძეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ნატო-საქართველოს კომისიის დაარსების შესახებ.

ნატო-საქართველოს კომისიის მიზნები დოკუმენტში ოთხ პუნქტად არის ჩამოყალიბებული:

1. გააღრმაოს პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა ნატო-საქართველოს შორის ყველა სათანადო დონეზე;

2. გააკონტროლოს ის პროცესი, რომელიც ბუქარესტის სამიტზე იქნა დადგენილი;

3. კოორდინაცია გაუწიოს ალიანსის დახმარებას საქართველოს აღდგენაში უკანასკნელი კონფლიქტის შემდეგ;

4. გაამყაროს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ასპექტში მიმდინარეობს.

შეხვედრის შემდგომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა შეხვედრა გამართეს მედიის წარმომადგენლებთან.

"ეს არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა, რამეთუ ჩვენ ვიყავით მომსწრენი ნატო-საქართველოს კომისიის დაარსებისა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი.

ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა.

ჩვენ მადლიერები ვართ იმ ნათელი მხარდაჭერისა და იმ ყურადღებისა, რომელიც ალიანსმა გამოავლინა ჩვენი ქმედებებისა და ღირებულებებისადმი. იმედი გვაქვს, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ალიანსთან, გენერალურ მდივანთან, ნატო-ს თანამშრომლებთან, რასაც მოყვება დეკემბრის შეხვედრა. აქედან გამომდინარე იმედია, რომ ჩვენი იმედები, ჩვენი მისწრაფბა კიდევ უფრო ძლიერად იქნება შეფასებული," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ გაიმართა ძალზედ საინტერესო შეხვედრები ატლანტიკური ალიანსის ფარგლებში - ორი სესია. შეიქმნა საქართველო-ნატო-ს კომისია. პრეზიდენტი სააკაშვილი მონაწილეობდა პირველ შეხვედრაში, ხოლო, მეორეში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. "მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი იმართება ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმას, რომ, მიუხედავად კრიზისული და რთული პოლიტიკური სიტუაციისა, რომელიც საქართველოს წინაშე არის დღეს, ნატო და მისი წარმომადგენლები არიან საქართველოში. ამით ნატო-მ აჩვენა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სურვილს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაზე. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ თქვენს ქვეყანას სადაც კი ეს შესაძლებელია,"-განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

როგორც აღნიშნა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა, ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ექვსპუნქტიანი დოკუმენტის მოთხოვნილებები, მისი სულისკვეთება - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა.

ნატო-საქართველოს საბჭო განიხილავს არსებულ პრობლემებს, განსაზღვრული იქნება დახმარება, რომელსაც ნატო გამოუყოფს საქართველოს . ეს არის ფრიად მნიშვნელოვანი დიალოგი და ძალიან კარგი შედეგი, რომელიც უკვე არის მიღწეული, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა..

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი