საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძე პოლიტოლოგებსა და ეკონომისტებს შეხვდა

23 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში შეხვდა პოლიტოლოგებსა და ეკონომისტებს. თავდაპირველად მან შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. როგორც ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა, მთავრობა მსგავსი ფორმატის ინტერაქტიულ შეხვედრებს სისტემატურად მართავს. ასეთი შეხვედრები ძალიან საინტერესო და სასარგებლოა, აქ ხდება აზრთა გაზიარება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, ეკონომიკურ პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე. - ,,მე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები: საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ბეჭდვური მედიის მთავარ რედაქტორებთან და წამყვან ჟურნალისტებთან. შემდეგ კვირას ვეწვევი უნივერსიტეტს, სადაც შევხვდები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს" - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა 2008 წლის ეკონომიკურ პროგრამებსა და ბიუჯეტის პროექტს უახლოეს დღეებში წარუდგენს საზოგადოებას: ,,საზოგადოებასთან დიალოგის ფორმატი არის ჩვენი სტილი. ჩვენ ყოველთვის მივცემთ საზოგადოებას იმის საშუალებას, რომ თვითონ გამოიტანოს დასკვნები, რამდენად ეფექტიანად ვმუშაობთ. 2008 წლის ბოლოს თქვენ შეგეძლებათ თავად შეაფასოთ, რამდენად წარმატებულად ვიმოქმედეთ. ამ ეტაპზე ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს: არის წლის ბოლო, შემუშავდა ბიუჯეტის ახალი პროექტი, გვაქვს წინასაარჩევნო პერიოდი. ამის თაობაზე ჩვენ კონკრეტული მოქმედებების დონეზე ვილაპარაკებთ და არა წმინდა რიტორიკულ დონეზე, როგორც ეს ხდება რიგი ოპონენტების შემთხვევაში. მზად ვარ ვუპასუხო ყველა კითხვას, ვილაპარაკო ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სტრატეგიულ საკითხებზე და იმაზე, თუ რა ძალისხმევა, რამდენი წელი და რა თანხებია საჭირო საქართველოში სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემების დასაძლევად. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ყოველივე ამის მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა, სტაბილურობაა აუცილებელი", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი