საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საბანკო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

19 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე Banking Training Center-ში იმყოფებოდა და საბანკო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მან მოიწონა ცენტრის საქმიანობა (ცენტრში ხორციელდება საბანკო სექტორში დასაქმებული კადრების მომზადება-გადამზადება) და იმედი გამოხატა, რომ მსგავსი რამ ეკონომიკის სხვა სექტორებშიც ამოქმედდება, რადგანაც პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნა არა მხოლოდ საბანკო სფეროში, არამედ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, გადამმუშავებელი მრეწველობის, მშენებლობისა და სხვა სექტორებშიც სულ უფრო იზრდება.

ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ, გადამწყვეტ ფაზაში საბანკო სექტორს ერთ-ერთი განსაკუთრებული როლი ენიჭება. საბანკო სექტორში უკვე შექმნილია 15 ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და დასაქმებულია პროგრესირებადი, პროფესიონალი კადრები. საბანკო სექტორის მნიშვნელობა, ბუნებრივია, მხოლოდ ამით არ ამოიწურება, რადგან ბანკების მიერ სწორად, გონივრულად და სათანადო პირობებით გაცემული ყოველი სესხი არის ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაში, რომელიც თავისთავად ქმნის ბევრად მეტ სამუშაო ადგილს. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად ბანკების სასესხო პორტფელის მოცულობა 4 მილიარდ ლარს აღემატება. - ,,ჩვენი ეკონომიკისთვის ეს არის ის სერიოზული ბიძგი, სერიოზული წვლილი, რომელიც შეგაქვთ იმ საქმეში, რასაც ,,საქართველო - სიღარიბის გარეშე" ჰქვია. ამიტომ მინდა მოგიწოდოთ ასეთივე შემართებით გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. ბუნებრივია, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია თქვენი წარმატებული ფუნქციონირებისათვის. ვიცით, რომ ბანკებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთო სტაბილურობის შენარჩუნება. როცა აკეთებთ პროგნოზებს, საჭიროა იცოდეთ, როგორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკაა ქვეყანაში. მინდა დაგარწმუნოთ, ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის თანამშრომლობა და დიალოგი მაღალ დონეზეა აყვანილი და ასევე გაგრძელდება" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილება კანონპროექტი 2008 წლის ბიუჯეტის შესახებ. ვლადიმერ გურგენიძის შეფასებით, ეს არის ხალხისკენ მობრუნებული ბიუჯეტი, რომელშიც სრულად არის გათვალისწინებული ახალი სოციალური პოლიტიკის ყველა ის ელემენტი, რაც გახმოვანდა ბოლო პერიოდში. ამავდროულად ეს არის ბიუჯეტი, რომელიც შედგენილია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. იგი არის დაბალანსებული და საშუალებას მისცემს ქვეყანას, მის ეკონომიკას, რომ სწრაფი ნაბიჯებით იაროს წინ და განვითარდეს. - ,,ჩვენ არც ერთი არარეალური და უაზრო დაპირება არ გაგვიცია, ყველაფერი, რაც გახმოვანდა, იყო უაღრესად მოზომილი, რეალისტური და გათვლებზე დაყრდნობილი. ამ ახალი პროგრამების დიდი ნაწილი დეკემბრის თვიდან უკვე დაიწყო, ხოლო დანარჩენი მომავალი წლიდან განხორციელდება", - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

რაც შეეხება უფრო შორეულ პერსპექტივას - საქართველო ჩამოყალიბდეს სრულფასოვან საფინანსო ცენტრად - ამის თაობაზე მთავრობა პარლამენტში გაზაფხულზე წარადგენს სრულფასოვან პაკეტს. მასში გათვალისწინებული იქნება ყველა ახალი კანონი, თუ მოქმედ კანონში შესატანი ცვლილება. - ,,თქვენ, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოებას, გექნებათ საშუალება მომდევნო წლების მანძილზე მიადევნოთ თვალყური, როგორი პროგრესით განვითარდება საქართველო, როგორც საფინანსო ცენტრი. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი მასში აქტიურად ჩაებმება. მუშაობის სწორად წარმართვის პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ სტაბილურობა და წინსვლა შენარჩუნდება, სრულიად რეალურია, რომ მომდევნო 5-7 წლის მანძილზე, გარდა უშუალოდ ქართული საბანკო სექტორისა, დამატებით, დაახლოებით 15-20 მილიარდ დოლარამდე კაპიტალი მოვიზიდოთ. ეს არის ძალიან დიდი რესურსი. როგორც ცნობილია, დღეისათვის საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები შეადგენს 4 მილიარდ დოლარზე მეტს და ვვარაუდობ, რომ ეს მაჩვენებლები 2012 წლის ბოლოსთვის მიაღწევს 14-15 მილიარდს. საფინანსო ცენტრის სწორად ჩამოყალიბებისა და წარმართვის პირობებში ჩვენ შევძლებთ კიდევ ერთი ამდენი ფინანსური აქტივი მივიღოთ, რაც, ბუნებრივია, დიდი ბიძგი იქნება საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის", - თქვა პრემიერ-მინისტრმა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია აგრეთვე საქართველოს საფონდო ბაზრის ტრანსფორმაცია, მისი მოდერნიზაცია. უკვე დასრულდა მუშაობა საკანონმდებლო პაკეტზე და ის წლის ბოლომდე გადაეგზავნება პარლამენტს განსახილველად. მთავრობა გეგმავს ცვლილებებს საბანკო კანონმდებლობაშიც, ამის შესახებ ეროვნული ბანკი ენერგიულად მუშაობს და განხილვები უახლოეს დღეში დამთავრდება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი