საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

სამუშაო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

18 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან თავი მოიყარა სამუშაო ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: იუსტიციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, ასევე პროკურატურის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ქონების ლეგალიზაციის და საკუთრების ხელშეუხებლობის საკითხები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს იმის ანალიზი, თუ როგორ და რამდენად ეფექტიანად მუშაობს ,,ქონების ლეგალიზაციის" და ,,ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონები, რომლებიც ზაფხულში მივიღეთ. - ,,გარდა ამისა, მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, იმის შესახებ, კიდევ როგორ შეიძლება, თუნდაც კონსტიტუციური ცვლილების გზით, ხელისუფლების ყველა შტოს ამოქმედებით, გავაძლიეროთ იმის განცდა, რომ ამ ქვეყანაში საკუთრება არის ხელშეუხებელი, რომ მისი ხელყოფა აკრძალულია კონსტიტუციით და კანონმდებლობით. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იმ ლიბერალური ბიზნესგარემოსი, რომელიც ამ ქვეყანაში აშენდა, რომელიც არის დღეს რეალობა და რომლის განმტკიცებაზეც ხელისუფლების ყველა შტომ დაუღალავად უნდა იშრომოს. ამ კანონების წარმატებულად მუშაობა არის იმის გარანტია, რომ საქართველომ განაგრძოს ძალიან სწრაფი წინსვლა სიღარიბის დაძლევისაკენ" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები რეგულარულ რეჟიმში გაიმართება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი