საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ლტოლვილთა და განსახლების ახლად დანიშნული მინისტრი წარადგინა

26 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი, კობა სუბელიანი წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს განუცხადა, რომ კობა სუბელიანს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება: ,,ყველამ, ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ვიცით, რომ ის არის შედეგზე ორიენტირებული ადამიანი, რაც მის კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება.

მე და ჩემი კოლეგები დარწმუნებულნი ვართ, რომ კობა მთელ თავის ენერგიას სრულად მოახმარს თავის ახალ სამსახურს, იმ მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელსაც თქვენ ყველანი ასრულებთ მოსახლეობისათვის. დროა, რომ კობა თავისი ენერგიით და ჟინით, ხალხთან ინტერაქციის სურვილითა და უნარით გასცდეს თბილისის მასშტაბებს.

რაც შეეხება ფინანსირებას, ამაზე ვმუშაობთ. ბუნებრივია, გავაგრძელებთ თანხების მოძიებას საიმისოდ, რომ ლტოლვილები და დევნილები მაქსიმალურად იყვნენ დაკმაყოფილებულები, ღირსეულად იცხოვრონ და შეეძლოთ ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, რის შესაძლებლობასაც იძლევა დღეს ბიუჯეტი, დღევანდელი ფინანსური სიტუაცია. იმ საქმეში, რომელსაც თქვენ ყველანი ასრულებთ, არ არსებობს პატარა დეტალი, პატარა უზუსტობა. ყოველი წვრილმანი არის მნიშვნელოვანი. ყოველი ასეთი წვრილმანი აუმჯობესებს ამ ხალხის მდგომარეობას.

ახალი მინისტრი უკვე 4 დღეა დაინიშნა, თუმცა კაბინეტში ჯერ არც კი შესულა. სამაგიეროდ, დაიარა დევნილთა და ლტოლვილთა ყველა კომპაქტური დასახლება თბილისში, გაეცნო მათ პრობლემატიკას ქალაქის მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, იგივეს გააკეთებს რესპუბლიკის მასშტაბითაც და გაუძღვება ამ საქმიანობას", - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი