საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე

23 ნოემბერს სპორტის სასახლეში გაიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე და სხვა ოფიციალური პირები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ: ,,ჩვენ დღეს ვდგავართ ძალიან საინტერესო ორი ეტაპის გასაყარზე. პირველი ეტაპი, რომელიც განვვლეთ, ეს იყო ბოლო 4 წელი - ძალიან სწრაფი ზრდა, ძალიან ბევრი რეფორმა, ზოგჯერ - მტკივნეული, მაგრამ - აუცილებელი, აუცილებელი - უკეთესი მომავლისათვის, გატარებული - ძალიან სწრაფად, უმეტესწილად - ძალიან სწორად და ამის შედეგად მიღებული ზრდა, მიღებული პერსპექტივა, რომელიც დღეს საქართველოს ნამდვილად აქვს, მიღებული დიდი საინვესტიციო ბუმი, ჩვენი იმიჯის საოცარი გაუმჯობესება მთელ მსოფლიოში, მთელ საინვესტიციო ელიტაში.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებელია ჩვენი სოციალური პოლიტიკის კორექტირება. ახალი სოციალური პოლიტიკა შემდეგი ერთი, ორი, სამი, ხუთი წლის მანძილზე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს, იქნება ამოსავალი ჩვენი შემდგომი ქმედებებისა, ჩემი კაბინეტის ქმედებებისა. ეს გულისხმობს, რომ ის, რაც რეფორმებმა დღემდე მოიტანა და, პირველ რიგში, მოიტანა განცდა სტაბილურობისა, პერსპექტივისა, გააჩინა, ალბათ, პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში, საშუალო ფენა, რომელიც დღითიდღე ვითარდება, რომელსაც აქვს გეგმები, მიზნები, დასახული თავისთვის, თავიანთი შვილებისათვის, და რომელსაც დღეს, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე, სჭირდება პერსპექტივის განცდა, სჭირდება სოციალური სამართლიანობის განცდა და სჭირდება ის ეკონომიკური ოპტიმიზმი, რომლის ყველა წანამძღვარიც ჩვენ გვაქვს, თუკი, რა თქმა უნდა, მოგვეცა საშუალება ასევე მშვიდად ვაშენოთ ის, რაც კიდევ ასაშენებელია, დავაკორექტიროთ ის, რაც კიდევ დასაკორექტირებელია, დავასაქმოთ ის შრომისუნარიანი ადამიანები, განურჩევლად მათი ასაკისა, ვინც დასასაქმებელია და ამ ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ ერთად - საზოგადეობა, ხელისუფლება, ბიზნესი, ინვესტორები და დიასპორა.

ჩვენ გვჭირდება და, დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ, საზოგადოებრივ კონსენსუსს: მშვიდი, სტაბილური, მდგრადი განვითარების გარემოს. აი, ეს არის ის, რაც მოგვცემს უკეთესი ხვალინდელი დღის პერსპექტივას, მოგვცემს საშუალებას რამდენიმე წელიწადში საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე, მოგვცემს საშუალებას გავიდეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზე, მოგვცემს საშუალებას, რომ ვიამაყოთ ქართული ბიზნესით, რომელიც თავის საექსპორტო პოტენციალს სრულად აამუშავებს და გავა სამეზობლო და უფრო შორეულ ბაზრებზე და კიდევ უფრო მეტი დასაქმების საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გადაწყვეტს სოცილურ პრობლემებს და მოხსნის იმ სოციალურ ფონს, რომელიც დღეს ჩვენ კიდევ გვაქვს, და მოიტანს იმ საინვესტიციო ბუმის ყოფელწლიურ გაგრძელებას, რაც ბოლო ორ წელიწადში გვქონდა. მე, ამის დიდი იმედი მაქვს, მე, ამაში დარწმუნებული ვარ. ერთადერთი, რაც ამ სამოქმედო გეგმის და პროგრამის განსახორციელებლად არის საჭირო, არის სიმშვიდე, სტაბილურობა, კურსის მემკვიდრეობითობა და რეფორმების შეუქცევადობა, ყველაფერი ის, რასაც მიხეილ სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადა გვპირდება და გვაძლევს."

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი