საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვლადიმერ გურგენიძის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში

მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა.

ჩვენ ძალიან საინტერესო პერიოდში გვიწევს ახლა ცხოვრება იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, სავსებით ცხადია თუ რა ეკონომიკურ წარმატებებს მივაღწიეთ ბოლო 4 წლის მანძილზე: საგრძნობლად გაუმჯობესდა ბიზნესგარემო, ჩატარდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, გაუმჯობესდა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი და ეკონომიკურმა ზრდამ, ასევე ინვესტიციების შემოდინებამაც არ დააყოვნა. მეორე მხრივ, ამ ეტაპზე დავდექით რამდენიმე გლობალური და ასევე ადგილობრივი გამოწვევის წინაშე. გლობალურიდან დავიწყებ - ეს, პირველ რიგში, შეეხება, იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე. ივლისიდან დაწყებული ეს პროცესები არცთუ სასიამოვნოა: ძალიან გაძვირდა ფული, შემცირდა საობლიგაციო ბაზარი, მსოფლიოს ძალიან ბევრი წამყვანი ბანკი ცვლის თავის პოლიტიკას, განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნების მიმართ და ეს, ბუნებრივია, აისახება ჩვენს ქვეყანაზეც.

გარდა ამისა, მსოფლიოში გრძელდება ნედლეულზე ფასების ზრდა. ესეც, ბუნრებრივია, მძიმედ აისახება ჩვენზე. ნავთობის ფასმა უკვე 99 დოლარს მიაღწია და ეს, უპრეცედენტო ნიშნულია. გარდა ამისა, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკის გადახურების ნიშნები, რომელიც წლის პირველ ნახევარში შეინიშნებოდა, გამოიხატა იმ საკმაოდ მაღალ ინფლაციურ ფონში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. აქაც შეიძლება ამის ინტერპრეტაცია, როგორც სამწუხაროდ, ასევე საბედნიეროდ. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინფლაციური ფონი და ესეც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად გვიზღუდავს მოქმედების არეალს შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, აი, ამ გამოწვევების ფონზე ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ბოლო 4 წლის მანძილზე მიღწეული წარმატებების ფონზე, ჩვენ გვიწევს ეკონომიკური კურსის მემკვიდრეობითობის განუხრელად დაცვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ეკონომიკის პროგრესი.

ამავე დროს, ჩვენ ვსაუბრობთ ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანაზე და პირველ რიგში, ეს ეხება სოციალურ პოლიტიკას. მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ხალხის გზავნილი მიღებულია. რომ ჩვენი მოქალაქეები, მოსახლეობა ზოგადად, ითხოვს, ბოლო 4 წლის წარმატებების შედეგები გადანაწილდეს მათზე და პირველ რიგში სოციალურად დაუცველ ფენებზე, რაც, ალბათ, ჩვენი მოსახლეობის მეოთხედია. ასევე, ბუნებრივია, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ძირითადად საშუალო ასაკის ადამიანთა იმ კატეგორიას, ვისაც შეიძლება გაუჭირდა თავისი ადგილის პოვნა ახალ ქართულ ეკონომიკაში. ამ ეტაპზე ჩვენ ბევრი უნდა ვიშრომოთ საიმისოდ, რომ ისინი დასაქმდნენ და ღირსეულად იცხოვრონ.

ჩვენი მთავარი პრობლემა, ახალს არაფერს ვიტყვი, უმუშევრობაა. ბუნებრივია, ეს უმუშევრობა არის ნაწილობრივ სტრუქტურული და ამაზე ცალკე მოგახსენებთ. ახლა უმუშევრობის დასაძლევად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ჩვენ ჰაერივით გვჭირდება ეკონომიკური ზრდის გაგრძელება. ეს თავისთავად რამდენიმე ფაქტორს გულისხმობს. სტაბილურობა თუ დაირღვა, ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი აღარ იქნება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, სტაბილურობის შენარჩუნება ყველა კუთხით. გარდა ამისა, უნდა იყოს საკმაოდ მძაფრი განცდა რეფორმების შეუქცევადობისა, როგორც ადგილობრივ ბიზნესში, ისევე უცხოელ ინვესტორებში. ამ ფონზე, გარკვეული ქმედითი ღონისძიებების გატარებით, იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ექსპორტის მკვეთრი ზრდა და ასევე, იმ საინვესტიციო ნაკადის შენარჩუნება, რაც ბოლო 2 წელიწადში, ჩვენ ჭარბად გვქონდა, და რამაც მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე, ფაქტობრივად უდანაკარგოდ, და ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებით. თუმცა, ეს წარმატებები უნდა გადანაწილდეს ყველა ჩვენს მოქალაქეზე, თითოეულ ოჯახზე, რაც ჯერჯერობით, სამწუხაროდ, მიღწეულ არ იქნა.

ამრიგად, დრო და სტაბილურობა აუცილებელია იმისთვის, რათა დამთავრდეს სტრუქტურული რეფორმების ეს მტკივნეული ეტაპი, რაც ბიუჯეტის ხალხისკენ შემობრუნებას გულისხმობს. ცხადია, რომ ეს მოხდება ინფრასტრუქტურული ხარჯების გარკვეული შემცირებით, რადგან ახლა სხვანაირად წარმოუდგენელია ამის გაკეთება. ანუ, ძალიან მართებულად და სწორად, ბოლო 4 წლის მანძილზე ბიუჯეტი ძირითადად ფოკუსირებული იყო, ერთი მხრივ, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მშენებლობაზე, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო, და მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, რაც თითქმის დამთავრებულია.

გარკვეულ ასპექტში კარგიცაა, რომ ჩვენ ეს საინვესტიციო პაუზა დაგვიდგა ახლა და არა 1 ან 2 წლის წინ. ამ ეტაპზე ნამდვილად არის საშუალება და სახსრები იმისათვის, რომ ბიუჯეტში გარკვეული გადანაწილებისა და ოპტიმიზაციის საშუალებით, აქცენტები გავამახვილოთ სოციალურ პოლიტიკაზე. დახმარების ხელი გავუწოდოთ მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებს. ბოლო დღეების მანძილზე, ახალი სოციალური პოლიტიკის ძირითადი კომპონენტები გახმოვანდა. მოკლედ გავიმეორებ იმას, თუ რაზეა საუბარი. პირველ ყოვლისა, ესაა დასაქმების ახალი პროგრამა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ახალი პროგრამა, რომელიც ამ დღეებში უკვე ამუშავდება, ოპტიმალური და იდეალურია, თუმცა, გაუმჯობესებულია შარშანდელთან შედარებით. იმედს ვიტოვებ და გარწმუნებთ, რომ მსგავსი პროგრამები გაგრძელდება და ქართულ ბიზნესთან ერთად, მომავალში უფრო დაიხვეწება.

რაც შეეხება, ამჟამად მიმდინარე დასაქმების პროგრამას, მისი ძირითადი პარამეტრები მდგომარეობს შემდგომში: 1-დან 15 დეკემბრამდე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეებს 25-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ფოთში შეეძლებათ დარეგისტრირდნენ სპეციალიზებულ ცენტრებში. ვინც დარეგისტრირდება, 100 000 ადამიანი, 15-დან 30 დეკემბრის ჩათვლით, მიიღებს ერთჯერად 200 ლარიან სტიპენდიას, რის შემდეგაც, მოხდება მათი გადამზადება. ეს ერთი მხრივ, შეიძლება მოხდეს ბიზნესებში სტაჟირების საშუალებით, რადგან ამ ეტაპზე უკვე მრავალი ქართული კომპანია ჩაერთო ამ პროგრამაში. ჩემი ინფორმაციით, ბიზნესიდან მიღებულია დაახლოებით 20000-მდე სტაჟორის მოთხოვნაზე განაცხადი. დანარჩენები კი ამ პროგრამის მეშვეობით გადამზადდებიან პროფესიულ სასწავლებლებში და თუ თებერვალში, სტაჟირების დამთავრებისთანავე, მოიტანენ სტაჟირების გავლის დამადასტურებელ ცნობას, ეს მოქალაქეები, მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 250 ლარის ოდენობით. ამ პროგრამაზე 2007 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი, ხოლო 2008 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული იქნება 25 მილიონი ლარი. 100 000 მოქალაქის გადამზადება საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე უმუშევართა ის რაოდენობა, რომლებსაც შეიძლება მივმართოთ და ვუშველოთ, მათი პროფესიული გადამზადებით, დაახლოებით 200-დან 300 ათას ადამიანამდეა. გარდა ამისა, თქვენ ყველამ იცით საპრეზიდენტო ვაუჩერების პროგრამების შესახებ. ეს ეხება როგორც შეშას და ფქვილს, ასევე ელექტროენერგიას და გაზს. ეს პროგრამა მიმდინარეობს, მიმდინარეობს ამ ვაუჩერების დარიგება, მათი რეალიზაცია და ა.შ.

გახმოვანდა ასევე ახალი ინიციატივა მასწავლებელთა ხელფასის ზრდაზე. ეს უშუალოდ შეეხება ნახევარ მილიონზე მეტ ჩვენს მოქალაქეს. ყველა იმ ოჯახს, სადაც სასკოლო ასაკის ერთი ბავშვი მაინცაა, განათლების ხარისხის ზრდა ამ პროგრამით გარკვეულად სტიმულირებული იქნება, რაც ყოველი ჩვენთაგანის ინტერესშია.

ამა წლის დეკემბრიდან, მასწავლებლები ხელზე საშუალოდ უკვე 40 ლარით მეტს მიიღებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია და უახლოეს მომავალში განხორციელდება სადაზღვევო პაკეტების დარიგება პედაგოგებზე. ამით ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დავიწყებთ მასწავლებელთა ყოფითი პირობების მიახლოებას იმგვარ მკაფიო პროგრესთან, რასაც ჩვენ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მივაღწიეთ. სკოლების, სკოლამდელი დაწესებულებების რემონტისა, თუ ზოგადად, განათლების რეფორმის დარგში.

გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ პენსიების მომატებაზე. ამა წლის პირველი დეკემბრიდან, ყველა პენსიონერი, ვინც აქამდე 55 ლარზე ნაკლებ პენსიას იღებდა, მიიღებს 55 ლარს. ეს მატება შეეხება დაახლოებით 800 ათას ადამიანს. გარდა ამისა, 2008 წლის განმავლობაში საპენსიო ასაკის ის პენსიონერები, ვინც 76 ლარზე ნაკლებს ღებულობენ, მიიღებენ 76 ლარს. ამით, ფაქტობრივად, მოხდება მინიმალური პენსიის გაორმაგება 38-დან 76 ლარამდე. მივაღწევთ რა ამ ნიშნულს, ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მინიმალური პენსია დსთ-ს ქვეყნებში. დღევანდელი მონაცემებით, ამაზე მაღალი მინიმალური პენსიები იქნება მხოლოდ რუსეთში და ბელორუსში, სულ ოდნავ იქნება ჩამორჩენა ყაზახეთსა და უკრაინას, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა დანარჩენ რესპუბლიკას ჩვენ გავასწრებთ.

ამ უდიდესი სოციალური მნიშვნელობის პროგრამაზე, რომელიც გააუმჯობესებს დაახლოებით 800 ათასი პენსიონერის ყოფით პირობებს, ბიუჯეტიდან გათვალისწინებული იქნება 200-დან 250 მილიონ ლარამდე. გარდა ამისა, ბიუჯეტში ხდება თანხების მოძიება ლტოლვილებისა და დევნილების დასახმარებლად. ამ კონკრეტულ ინიციატივებს, ალბათ, რამდენიმე დღეში ახალი მინისტრი თავად გაახმოვანებს.
და კიდევ ერთი, რასაც ვპირდებით ყველას, ეს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის სიების რეგულარული გადახედვაა იმ კუთხით, რომ არც ერთი მართლაც გაჭირვებული ადამიანი არ დარჩეს ამ სიებს მიღმა და, შესაბამისად, ჩვენ შევძლოთ ყოველ მათგანს გავუწოდოთ დახმარების ხელი, იმ საშუალების ფარგლებში, რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია საბიუჯეტო სიტუაციიდან გამომდინარე. ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ სოციალური პროგრამების გადახედვას იმის კვალდაკვალ, თუ რისი საშუალება იქნება ბიუჯეტში. სოციალურ პროგრამებზე ამგვარი აქცენტის გაკეთება, ბუნებრივია, არამც და არამც არ ნიშნავს უპასუხისმგებლო ფისკალურ პოლიტიკას.

ახლა, განსაკუთრებით, კი 2008 წელს, ეკონომიკური ზრდის სავარაუდო შენელების ფონზე, მიუღებელია ამ ან რამე სხვა სოციალური პროგრამების დაფინანსება გაზრდილი გადასახადების ხარჯზე. საერთოდ, პირადად ჩემთვის მიუღებელია, გადასახადების ნებისმიერი ზრდა და შემიძლია დაგპირდეთ, რომ სანამ ეს კაბინეტი იმუშავებს, ამ ქვეყანაში გადასახადები არ გაიზრდება. რამდენიმე კვირაში ახალი კაბინეტი, ბუნებრივია, პარლამენტთან ერთად დიდ ძალისხმევას დახარჯავს რათა, 2008 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები გადაიხედოს, ყველა იმ კორექტივის გათვალისწინებით, რაზეც მოგახსენეთ.

2008 წელს შევეცდებით, რომ ბიუჯეტის დეფიციტი იყოს მინიმალური, ზომიერ ჩარჩოებში მოქცეული. ამაზე მეტის გაკეთება ახალი სოციალური პოლიტიკის ფონზე შეუძლებელი იქნება. ამავე დროს, ეს მოხდება გადასახადების ყოველნაირი ზრდის გარეშე, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა ხარჯების გარკვეული ოპტიმიზაციის მეშვეობით. ამ ფონზე, მინდა გითხრათ, რომ გარდაუვალად მეჩვენება 2008 წელს მონეტარული პოლიტიკის გარკვეული გამკაცრება, რასაც ბუნებრივი ექნება დროებითი უარყოფითი ეფექტი ეკონომიკური ზრდის ტემპებზე თუმცა, თუ ეს არ გავაკეთეთ, სხვანაირად ვერ მოვხსნით ან, ყოველ შემთხვევაში, ვერ გავაკონტროლებთ იმ ინფლაციურ ფონს, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც საკმაოდ მაღალია. ის, რომ ქვეყანაში ინფლაცია მაღალია, ეს ჩვენ კარგად გვესმის, გვესმის ისიც, რომ ეს განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება მოსახლეობის დაუცველ ფენებზე. ინფლაციაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ერთი წუთით თეორიაზე რომ შევჩერდეთ - არსებობს ფისკალური ბერკეტები, რომლის გამოყენების საშუალება კიდევ ერთხელ, 2008 წელს, ახალი სოციალური პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვექნება. თუმცა, გვრჩება მონეტარული ბერკეტები. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ეროვნულ ბანკთან, რათა ამ მონეტარული ბერკეტების გამოყენებით, გავაკონტროლოთ ინფლაციური ფონი და აღარ დავუშვათ მისი შემდგომი გაძლიერება.

რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, დაწყებული 2009 წლიდან, პროფიცი-ტული ბიუჯეტის არსებობას საქართველოში ალტერნატივა არ აქვს. შესაბამისად, გპირდე-ბით, რომ 2009 წლის ბიუჯეტი, რომელსაც ჩვენ შემოვიტანთ, იქნება პროფიციტული. ასევე პროფიციტული იქნება ყველა მომდევნო წლის ბიუჯეტი, რომელსაც ყოველ შემთხვევაში, მინისტრთა ეს კაბინეტი შემოიტანს პარლამენტში. ამის გარეშე წარმოუდგენელია მდგრადი განვითარება, წარმოუდგენელია სტაბილური ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ამას 2009 წელს აუცილებად მივაღწევთ მას მერე, რაც ბიუჯეტს და საბიუჯეტო ხარჯებს ხალხისკენ შემოვაბრუნებთ, რაზეც აქცენტი 2008 წელს გაკეთდება.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ექსპორტის ზრდის ყველანაირი სტიმულირება და მისი ზრდის დაჩქარებაა. ბოლო 4 წლის მანძილზე, პრაქტიკულად, ერთადერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრი, რომელიც არ გაუმჯობესებულა, ეს ექსპორტის მოცულობის მიმართებაა მთლიანად ქართული ეკონომიკის მოცულობასთან. ის როგორც იყო 31%-ზე 2004 წელს, ისევე დარჩა. გარდა ამისა, შეინიშნებოდა გარკვეულწილად ნეგატიური დინამიკაც კი. 2005 წელს ამ მაჩვენებელმა 34%-ს მიაღწია. შემდეგ, ისევ შემცირდა 31%-მდე და ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა. სწორედ ამის გამოა უმუშევრობა. პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს ღია ეკონომიკა და გლობალურ პროცესებში ინტეგრირებული ეკონომიკა, მაგალითად ისეთი, როგორიც საქართველოა, ვერ განვითარდება სტაბილურად, თუკი ეს მაჩვენებელი, (ექსპორტი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებაში) არ იქნება 40%-ზე მეტი. შეუძლებელია ნამდვილ წარმატებაზე ლაპარაკი, თუ ეს მაჩვენებელი საშუალოვადიან პერსპექტივაში 50%-ს არ მიუახლოვდება. მოგიყვანთ მაგალითებს, ლიტვაში ეს არის დღეს - 40%, ბულგარეთში, სინგაპურში - 44%, ჰონგ-კონგში - 47%, ესტონეთსა და ჩეხეთში - 50%-ზე მეტი, ხოლო უნგრეთში - 55%-ზე მეტი. აი, ისაა ორიენტირები, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ. ახლა რატომაა ეს ესოდენ მნიშვნელოვანი და არა, დავუშვათ, ცარიელი სიტყვები. წარმოების და ბიზნესის განვითარებისათვის საჭიროა მასშტაბური ინვესტიციები. ჩვენ კი საკმაოდ მცირე შიდა ბაზრი გვაქვს. საქართველოში მცირე ზომის ეკონომიკაა, სულ 4,5 მილიონი მომხმარებელი. აი აქედან გამომდინარე, თითქმის წარმოუდგენელია სტრუქტურული უმუშევრობის დაძლევა. თუკი ჩვენი კომპანიები არ გაამახვილებენ ყურადღებას, თუნდაც, მეზობელ ბაზრებზე, თუკი არ აწარმოებენ ჯანსაღ ექსპანსიას ამ ბაზრებზე, რადგან იქ ბევრად მეტი მომხმარებელია, ვიდრე დღესაა საქართველოში ან ხვალ და ზეგ იქნებ და ისევ გააგრძელებენ ორიენტაციას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს შიდა ბაზარზე, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ მცირე ზომისაა, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ შეიქმნება საკმარისი რაოდენობით სამუშაო ადგილები და ვერ მოვხსნით ამ სოციალურად დაძაბულ ფონს.

მე ოპტიმიზმით ვუყურებ განსაკუთრებით შემდეგი ხუთი დარგის კონკურენტუნარიანობას ექსპორტის კუთხით. ესაა: სოფლის მეურნეობა და გადამმუშავებელი მრეწველობა, ჰიდროენეგეტიკა, ტრანსპორტი - ლოგისტიკა, მათ შორის, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ფოთის თავისუფალი ინდრუსტრიული ზონის შექმნის პროექტს და პირად პასუხისმგებლობას ვიღებ ამ პროექტის წარმატებით დასრულებაში, და ესაა ტურიზმი, შეიძლება ცოტა გაცვეთილი თემაა, მაგრამ მართლა კონკურენტუნარიანია, და ასევე საფინანსო მომსახურება.

ეს არ ნიშნავს, ბუნებრივია, იმას, რომ სხვა სექტორებში კომპანიებს არა აქვთ შანსი, ან არ უნდა იღვაწონ საამისოდ, რომ აითვისონ სხვა ბაზრები, რაშიც ჩვენ მათ დავეხმარებით, თუმცა, ეს ხუთი სექტორი მეჩვენება ყველაზე კონკურენტუნარიანად. ჩვენ ვეცდებით გავატაროთ ექსპორტის ზრდის ხელშემწყობი ღონისძიებების ქმედითი კომპლექსური ღონისძიებები.

რაც შეეხება, საქმიანი კონტაქტების ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას, ჩვენ ვთხოვთ და დავავალებთ ქართულ საელჩოებს, რომ შექმნან პირობები იმისათვის, რათა ქართველ ბიზნესმენებს ჰქონდეთ თავის პარტნიორებთან კონტაქტების გაძლიერების საშუალება და სხვა. ჩემი, როგორც ბიზნესმენის პირადი გამოცდილებიდან, ზოგიერთ ჩვენს საელჩოში ნამდვილად არის ასეთი ძალისხმევა. მე უაღრესად კმაყოფილი ვიყავი იმით, თუ როგორი მომართულია ქართული ინვესტიციების, ქართული ექსპორტის მხარდასაჭერად, მაგალითად ჩვენი საელჩო უკრაინაში, ასევე ლიტვაში. დარწმუნებული ვარ, სხვებიც ასე არიან. მაგრამ, ეს აქამდე ხდებოდა ელჩების პირადი ინიციატივის ხარჯზე. ჩვენ ვეცდებით, რომ ამ ძალისხმევას მივცეთ სისტემური მნიშვნელობა იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანია როგორც მსხვილი ქართული კომპანიებისთვის, ისე საშუალო ბიზნესისათვის. ამას გარდა, ჩვენ გადავხედავთ საინვესტიციო ფორუმების ფორმატს ე.წ. Invest in Georgia და ვეცდებით, გავხადოთ ის უფრო ქმედითი და უფრო ეფექტიანი.
ასევე შევეცდებით, სოფლის მეურნეობაში ჩაბმულ მეწარმე-სუბიექტებს ხელი შევუწყოთ საკვები კულტურებისა და პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებში გარკვევისა და ანალიზში. შეძლებისდაგვარად დავეხმარებით მათ თავიანთი საქმიანობის სწორი გეზით წარმართვაში, განსაკუთრებით საექსპორტო კუთხით.

გავმართავთ დიალოგს საფინანსო სექტორთან, რომელიც ჩემთვის უცხო არაა. ხელს შევუწყობთ კაპიტალის მაქსიმალურად მობილიზაციას. პირველ რიგში, დასახელებულ კონკურენტუნარიან სექტორებში. განსაკუთრებით, ჰიდროენერგეტიკაში, სადაც ძალიან დიდი, ჯერჯერობით აუთვისებელი პოტენციალია. ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში, მათ შორის, ასი ახალი საწარმოს პროგრამაში, ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმის დამყარებაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა ექსპორტის ზრდისთვის.

ჩვენ ამ მხრივ უკვე გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები უკვე და ვეცდებით უფრო გავაუმჯობესოთ ეს სავაჭრო რეჟიმი. თუმცა, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, ქართული ბიზნესი, ამ მიღწეულ წარმატებებს დღეს ბოლომდე ჯერჯერობით ვერ იყენებს.

მაგალითად, ევროკავშირთან გვაქვს ცალმხრივი პრეფერენციები, ძალიან სერიოზული საგარეო ვაჭრობაზე ე.წ. „ჯიესპი +" (GSP+) სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან შეიძლება ევროკავშირის ბაზრებზე დაახლოებით 7 200 კატეგორიის პროდუქტის ყოველგვარი ბაჟის გარეშე ექსპორტირება. მე გამიკვირდება თუ დღესდღეობით ხდება 50 კატეგორიაზე მეტის ექსპორტი ევროკავშირის ამ უდიდეს ბაზარზე. ეს სამწუხაროა და ჩვენ დიალოგის მეშვეობით ვეცდებით, რომ უფრო კარგად იყოს გამოყენებელი ის პრეფერენციები, რასაც ჩემმა წინამორბედმა თავის კაბინეტთან ერთად მიაღწია.

გეტყვით, რომ იდენტური პრეფერენციებით მსოფლიოში მხოლოდ და მხოლოდ 14 ქვეყანა სარგებლობს. მათ შორის დსთ-დან მხოლოდ ერთი - მოლდოვა. ამის არგამოყენება დაუშვებელია. გუშინ როგორც იცით, თურქეთთან ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ძალიან დიდი ბაზარი გვაქვს ჩვენს მეზობლად - თურქული ბაზარი, რომლის ათვისებისკენ, ჩვენ არა მარტო მოვუწოდებთ ქართულ ბიზნესებს, არამედ მათ ქმედითად დავეხმარებით. „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, პირველ რიგში, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციისთვის. უდიდესი მიღწევაა ის, რომ შესაძლებელი იქნება ყოველ წელს 1 მლნ 250 ათასი ღვინის ბოთლის გატანა ძალიან მნიშვნელოვანი პრეფერენციებით და ა.შ. რაც შეეხება სამრეწველო პროდუქციას, თურქეთში ექსპორტზე მთლიანად მოხსნილია ბაჟი და ესეც ძალიან კარგია.

ცოტა ხანი იმპორტზე რომ ვისაუბროთ, ბოლო წლებში მისი სწრაფი ზრდა შეინიშნებოდა და უნდა გვესმოდეს, რომ იმპორტის ზრდა ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული სტატისტიკური მონაცემი, არამედ ეს ის პროდუქციაა, რომელსაც ჩვენ ყოველდღე მოვიხმართ და რომლის უმეტესობა საქართველოში არ იწარმოება. ეს ბუნებრივია იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და წარმოუდგენელია, რომ ათასობით კატეგორიის პროდუქცია აქ იწარმოებოდეს. ამავდროულად, ესააა იმ მანქანადანადგარების იმპორტი, რომელიც ასევე არ იწარმოება საქართველოში და რომლის გარეშე შეუძლებელია სამუშაო ადგილების შექმნა. ამიტომ, იმპორტის ზრდა, ზოგადად, ჩვენ არ უნდა გვაშინებდეს. არ უნდა გვაშინებდეს ასევე ამ ეტაპზე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტი, ესეც ნორმალური მოვლენაა, სტრუქტურული მოვლენაა, განვითარების ამ ფაზაში მყოფი პატარა ქვეყნისათვის, რომელსაც ღია ეკონომიკა აქვს. მაგრამ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არა გვაქვს ნედლეულის ექსპორტის მნიშვნელოვანი წყაროები, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტის დაფინანსება ხდება მხოლოდ და მხოლოდ საინვესტიციო ნაკადის ხარჯზე. საბედნიეროდ, ეს საინვესტიციო ნაკადი ბოლო წლებში იყო ძალიან დიდი. თქვენ გახსოვთ, ან იცით ის ციფრები: მილიარდ დოლარზე მეტი შარშან, 2 მილიარდ დოლარზე მეტი წელს.

რაც შეეხება მომავალ წელს. ჩვენ წინასაარჩევნო ხანმოკლე საინვესტიციო პაუზაში შევედით, რაც ასევე ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, ჩვენ უნდა ვცადოთ მაქსიმალურად, სტაბილურობის, მოვლენების პროგნოზირებადობის შენარჩუნებით და რეფორმების შეუქცევადობის განცდის დამკვიდრებით, ეს საინვესტიციო პაუზა, რაც შეიძლება მოკლე გამოდგეს და აღდგეს ის საინვესტიციო ნაკადი, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა გავაგრძელოთ სწრაფ რეჟიმში ჩვენი ეკონომიკის ზრდა, გავაგრძელოთ ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში. ნებისმიერი სახის დესტაბილიზაცია, თუნდაც მოჩვენებითი, ბუნებრივია, აფერხებს საინვესტიციო პროცესებს. ეს კი თავის მხრივ, აფერხებს ეკონომიკას მთლიანად, ან არ გვიქმნის საშუალებას, დავაფინანსოთ ის იმპორტი, რომელიც ესოდენ გვჭირდება სამუშაო ადგილებისა და დასაქმების შესაქმნელად. მესმის, რომ საკმაოდ რთული მატერიებია, მაგრამ რაც უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე გაითავისებს ამ ძალიან მარტივ, ეკონომიკურ მიზეზშედეგობრივ კავშირს, მით უფრო მალე განახლდება ეკონომიკური წინსვლა, მით უფრო მალე გავალთ ჩვენ ზრდის ახალ პარამეტრებზე და მით უფრო მალე გადავწყვეტთ უმუშევრობის პრობლემას. ბოლო წლებში გაჩნდა მსოფლიოს საინვესტიციო წრეებში იმის რწმენა, რომ საქართველოში შეიძლება წარმატებული ბიზნესის კეთება და ინვესტიციებმაც არ დააყოვნა, მაგრამ ეს რწმენა ძალიან ფაქიზი მატერიაა, მას ყოფელი ჩვენთაგანის მოფრთხილება სჭირდება. პირველ რიგში, კი თუ რამემ შეიძლება შელახოს ეს რწმენა, ეს უმართავი, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსული პროცესები ან რყევებია. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე. ყველამ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ. ასევე მიმაჩნია, რომ ღარიბ ან პერსპექტივის არმქონე ქვეყანაში წარმოუდგენელია ან შეუძლებელია დემოკრატიის მაღალი ხარისხის არსებობა. შესაბამისად, ამ ეტაპზე, საღირიბის დაძლევა, მდგრადი განვითარება ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამის გარეშე წარმოუდგენელია ღირსეული ცხოვრება, წარმოუდგენელია ცხოვრების მაღალი დონე, წარმოუდგენელია ყოველი ჩვენთაგანის სრულყოფილი ინტეგრაცია საზოგადოებაში, წარმოუდგენელია წინსვლა და პროგრესი. გარდა, სტაბილურობისა და რეფორმების შეუქცევადობის გარანტიისა, საინვესტიციო პროცესებისათვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკუთრების ხელშეუხებლობა. ჩვენ ამ საკითხებზე ძალიან ბევრს ვიმუშავებთ პარლამენტთან ერთად და ყოველნაირად ვეცდებით, რომ ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რომელიც შეიძლება არსებობდეს ამ კუთხით, მოვხსნათ და რომ საკუთრების ხელშეუხებლობის განცდა, სამართლიანობის განცდა დამკვიდრდეს და დასადგურდეს როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ინვესტორებს და ბიზნესმენებს შორის.

ბოლო წლებში საკმაოდ დიდი პროგრესი იქნა მიღწეული განათლების სფეროში. ჩვენ ვეცდებით, რომ გავაგრძელოთ შენება, გავაგრძელოთ წინსვლა ამ მიმართულებით და, ასე ვთქვათ, ცოდნის ეკონომიკის გარკვეული ელემენტები შემოვიტანოთ უკვე დღევანდელ ცხოვრებაში. ეს ეხება, პირველ რიგში, ალბათ, პროფესიული გადამზადების გარკვეულ პროგრამებს, რომელთა ინიცირებით ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოვიდეს მთავრობა. თუმცა, ამ საქმის მოგვარება, ჩვენთან ერთად კერძო სექტორმა უნდა ითავოს იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტრუქტურული უმუშევრობის დასაძლევად. სტრუქტურულში იგულისხმება ის უმუშევრობა, როდესაც, ერთის მხრივ, ძალიან დიდი მოთხოვნილებაა გარკვეული კვალიფიკაციის მქონე კადრებზე, რომელიც ვერ კმაყოფილდება, ისევ და ისევ, ჩვენი შრომის ბაზარის სიმცირის გამო, ხოლო, მეორეს მხრივ, არის დაუსაქმებელთა დიდი რაოდენობა, რომელთა უნარ-ჩვევები შეიძლება დღეს არ აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნას, რომელიც აქვთ დამქირავებლებს. აი, ამ მოთხოვნისა და მიწოდების დაბალანსება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გადამზადებით. გარდა ამისა, თქვენ იცით ცოდნის ქალაქის პროექტის შესახებ, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. ეს მნიშვნელოვანი პროექტია - ჩვენი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების თავმოყრა რუსული შეიარაღებული ძალების შტაბის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ეს ინფრასტრუქტურული ბიძგი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის, ზოგადად პროფესიონალიზმის შემდგომი ამაღლებისათვის, ასე ვთქვათ, ცოდნის ეკონომიკის დამკვიდრებისთვის.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ უფრო ინტენსიური კონტაქტი ყველა მიმართულებით და ყოველდღიურად ჩვენს დიასპორასთან. იმ მილიონზე მეტ ადამიანთან, რომელიც წასულია ამ ქვეყნიდან. ახლა, ჩვენ ბოლო 15 წლის მანძილზე, ფაქტობრივად, ძირითადად ვაწარმოებდით მუშახელის ექსპორტს. დროა ეს შეიცვალოს. დროა ჩვენ მუშახელის ექსპორტი ჩავანაცვლოთ პროდუქციისა და სერვისის ექსპორტი.

დროა, სრულყოფილი რეინტეგრაცია მოვახდინოთ ჩვენი დიასპორისა ჩვენს საზოგადოებაში. 21-ე საუკუნეა და მათი სრულყოფილი რეინტეგრაცია შესაძლებელია განურჩევლად მათი ადგილმდებარეობისა, მაგრამ ზოგადად, ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ თუკი მათ ამის სურვილი ექნებათ, ჰქონდეთ საშუალება დაბრუნდნენ სამშობლოში, დასაქმდნენ, გახსნან თავისი საქმე, სხვები დაასაქმონ, ჩადონ ფული ქართულ ეკონომიკაში და ა.შ. ჩვენ ამ მიმართულებით ვეცდებით, რომ დიალოგი გავაუმჯობესოთ.

რაც შეეხება რეგიონალურ განვითარებას, აქ, მე მგონი, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, თუ რა სწრაფად ვითარდება თბილისი. მასთან ინტეგრირებული შიდა ქართლი და კახეთი. თუ რა დინამიზმი შეინიშნება აჭარაში. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ სხვა რეგიონების დაჩქარებული განვითარებაც. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ დიდ პროექტებს, რომლის შესახებ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. ეს არის ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ეს არის, დავუშვათ, ისევ დასავლეთ საქართველოზე რომ ვილაპარაკოთ, ქუთაისის რეაბილიტაციის პროექტი.

იმედი მაქვს, სამხრეთ საქართველოში, ამ რეგიონის განვითარებას, მისი იზოლაციის შეჩერებას და სამოქალაქო ინტეგრაციას ძალიან დიდ ბიძგს მისცემს თბილისი-ნინოწმინდას გზის პროექტი, ასევე საქართველო-თურქეთის რკინიგზის პროექტი. მაღალმთიან რაიონებში, სადაც დაუშვებელია და წარმოუდგენელია მძიმე ინდუსტრიის განვითარება, ტურიზმი და ჰიდროენერგეტიკა ის პრიორიტეტული დარგებია, რომლითაც ეს რეგიონები ეკონომიკურ კეთილდღეობას მიაღწევენ.

რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობის სტილს, მთავრობის გახსნილობას, მისი მუშაობის ეფექტურობას და ამ მუშაობის ეფექტურობის გაზომვას, მოგახსენებთ შემდეგს. მესმის, რომ ახლა შეიძლება ბევრს ჩემი დღევანდელი ნათქვამი რაღაც მაღალ მატერიებზე საუბრად მოეჩვენოს, თუმცა ეს ასე არ არის. კიდევ ერთხელ, ამ მარტივი ეკონომიკური მიზეზშედეგობრივი კავშირების გათავისება, ძალიან სასურველი პროცესია იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ეს ზოგადად აამაღლებს საზოგადოებაში პასუხისმგებლობის გრძნობას, აამაღლებს განცდას ყველას მონაწილეობისა ან თანამონაწილეობისა იმ ეკონომიკურ ზრდაში თუ ზრდის არყოფნაში ზოგიერთ სცენარში, რაც ჩვენ სახეზე გვექნება.

შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ გარკვეული რეგულარობით მაგალითად, თვეში ერთხელ, გავმართოთ კონსულტაციები ეკონომიკურ თემატიკაზე ჟურნალისტებთან, არასახელმწიფოებრივ ორგანიზაციებთან, კონსტრუქციულ ოპოზიციასთან, ვისაც ეკონომიკური თემატიკა აინტერესებს, ასევე ზოგადად, საზოგადოების წარმომადგენლებთან და, რა თქმა უნდა, პარლამენტთან. მე დიდი სიამოვნებით მოვალ ან კვარტალში ერთხელ, ან თვეში ერთხელ თუკი მომიწვევთ ამ სიხშირით, ასევე, რა თქმა უნდა, კაბინეტის სხვა წევრები.

მინდა გითხრათ, რომ კომუნიკაციის ეს მაღალი ხარისხი ეს არ არის, რაღაც წინასაარჩევნო პერიოდით ნაკარნახევი ფენომენი. ეს ზოგადად, ჩემი სტილია პირადად. ალბათ, ისინი ვინც თვალ-ყურს ადევნებდით ჩვენი ბანკის განვითარებას და პროგრესს ბოლო 3 წლის მანძილზე, გექნებოდათ საშუალება, რომ ამაში დარწმუნებულიყავით და ბუნებრივია, რომ კომუნიკაციის მაღალი ხარისხი 5 იანვრის მერეც შენარჩუნდება.
კიდევ ერთი, რაც ასევე კომუნიკაციების ხარისხს შეეხება. მესმის, რომ დღეს ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გამო, არც თუ ისე მაღალია საზოგადოებაში ნდობის ხარისხი იმ სტატისტიკური ინფორმაციისადმი, რაც ყველას მოგვეწოდება და რითიც ჩვენ ვსარგებლობთ. ამასთან დაკავშირებით გპირდებით, რომ გაზაფხულზე ჩვენ შემოვალთ ინიციატივით და დავდებთ პროექტს იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ამაღლდეს ნდობის ხარისხი სტატისტიკური ინფორმაციისადმი. აქ ზოგადად სამი გამოსავალი შეიძლება არსებობდეს: ან დარჩეს სტატისტიკის დეპარტამენტი მთავრობის დაქვემდებარებაში, მაგრამ გაჩნდეს საზოგადოებრივი კონტროლის რგოლი, ქმედითი რგოლი, ან ეს დეპარტამენტი გადავიდეს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში, ან გახდეს დამოუკიდებელი სტურქტურა, თუმცა, ბუნებრივია, ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ არ დაირღვეს ან არ შეილახოს მთავრობის მიერ საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების საშუალება.

გარდა ამისა, შევეცდებით, რომ კაბინეტის მუშობა უფრო ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული და მოქალაქეებთან დაახლოებული გავხადოთ. ყველა მინისტრს და, რა თქმა უნდა, მეც, პირველ რიგში, გვექნება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, კონკრეტული, ვადებში გაწერილი და გაზომვადი ამოცანები, რათა ადვილად შესაძლებელი იყოს ჩვენი მუშაობის ხარისხის და წარმატების თუ წარუმატებლობის შესახებ მსჯელობა.

მაგალითად, ახლა გავახმოვანებ 2008 წლისთვის მე რა ძირითად ამოცანებს ვუყენებ ჩემ თავს. გპირდებით, მოსახლეობას და განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველ ფენებს, რომ სოციალური აქცენტების გამახვილებას ჩვენ შევძლებთ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში იმ პროგრამების მოცულობით, ყოველ შემთხვევაში, რაც აქამდე გახმოვანდა. საბოლოო ჯამში კი ჩვენი ამოცანაა, რომ ეკონომიკური ზრდა და პროგრესი თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახოს. ბიზნესს და ინვესტორებს ჩვენ ვპირდებით ექსპორტის მაქსიმალურ ხელშეწყობას, ასევე გპირდებით ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტის წარმატებით დასრულებას. დასრულებაში იგულისხმება ტენდერის წარმატებით დასრულება და ოპტიმალური ინვესტორის შერჩევა ამ პროცესისათვის. ასევე გპირდებით 2008 წელს რკინიგზასთან დაკავშირებული საპრივატიზაციო პროცესების წარმატებით დასრულებას. კონკრეტული სამოქმედო გეგმის დადებას და იქ საინვესტიციო და საპრივატიზაციო პროცესების დაწყებას. გპირდებით ასევე, რომ 2008 წლის მანძილზე, როგორც მინიმუმ, ჩვენ შემოვალთ პარლამენტში საქართველოში საფინანსო ცენტრის ჩამოყალიბების კონკრეტული ინიციატივებით და საკანონმდებლო პაკეტით.

გარდა ამისა, გპირდებით 2008 წელს „100 ახალი საწარმოს" პროგრამის ასევე წარმატებით განხორციელებას. გპირდებით, რომ ჰიდროენერგეტიკაში 2008 წელს საფუძველი ჩაეყრება არანაკლებ 100 მეგავატი ახალი სიმძლავრეების მშენებლობას. გპირდებით, ბიზნესგარემოს შემდგომ დახვეწას, როგორც საკუთრების ხელშეუხებლობის დაცვის კუთხით, ასევე შემდგომი დერეგულირების, თუ გნებავთ დელიცენზირების, ასევე კაპიტალის მობილიზაციის კუთხით. უკვე დეკემბერშივე ჩვენ შემოვალთ გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივით, რათა მოხდეს ჩვენი საფონდო ბირჟის ტრანსფორმაცია. გახდეს ის უფრო ქმედითი, უფრო ეფექტური და თუკი მიუხედავად საინვესტიციო პაუზისა ეს 2008 წელსვე მოხდა, გპირდებით, რომ ამ ბირჟის მეშვეობით ბევრად მეტი ფინანსური ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას ჩვენთან მიმდინარე საინვესტიციო პროცესებში.

2009 წელს გპირდებით პროფიციტული ბიუჯეტის შემოტანას. ასევე ბიუჯეტის პროფიციტულობის შემთხვევაში, გპირდებით, რომ გაზაფხულზევე ჩვენ შემოვიტანთ ინიციატივას ე.წ. მომავალი თაობების ფონდის შექმნის თობაზე. ეს არის, ასე ვთქვათ, ძალიან მიღებული ფორმა ბევრ ქვეყანაში, სადაც პროფიციტული ბიუჯეტია. ძირითადად ეს არის, ეს საინტერესო მომენტია, ნედლეულით მდიდარი ქვეყნები: მაგალითად, ნორვეგია, რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სინგაპური, ჩინეთი და ა.შ. დროა, რომ ჩვენ ეს ფონდი ჩამოვაყალიბოთ პროფიციტის ხარჯზე და მასზე დაყრდნობით და ჩვენ ამ ინიციატივას გაზაფხულზევე შემოვიტანთ.

ასევე გპირდებით, რომ ყველანაირად ვეცდებით, 2009 წელსვე, თუნდაც, სიმბოლური კლება, განვახორციელოთ ზოგიერთი საგადასახადო განაკვეთის, ხოლო 2010 წლიდა გპირდებითნ საგრძნობ კლებას ისევ და ისევ პროფიციტული ბიუჯეტის ფონზე, რაც ჩვენი პრიორიტეტია. ბუნებრივია, შეუძლებელია ყველა ამ პროცესის წარმატებით წარმართვა ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გარეშე, რასაც ასევე გპირდებით.

დასასრულს მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ოპტიმიზმის ყველა-ნაირი საფუძველი და წანამძღვარი იმისა, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ წარმატებულ, დინამიურად განვითარებად ქვეყნად, მიუხედავად დღეს არსებული გამოწვევებისა, რომელთა დაძლევა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია. ბოლო წლების სწრაფი ზრდის შედეგათ, ჩვენ კეთილდღეობის დონით დღეს ვიმყოფებით იმავე ნიშნულზე, სადაც რუსეთი იყო 2001 წელს, რუმინეთი 2002 წელს, ბულგარეთი და ყაზახეთი 2003 წელს, უკრაინა და აზერბაიჯანი 2006 წელს. მინდა გითხრათ, რომ უფრო სწრაფად ვიზრდებით, ვიდრე ნებისმიერი ეს ქვეყანა, რომელიც მე ჩამოვთვალე. თუკი ჩვენ სტაბილურობას შევინარჩუნებთ და შევინარჩუნებთ კურსის მემკვიდრეობითობას, 2-3 წელიწადში გვაქვს ყველა შანსი იმისა, რომ კეთილდღეობის დონით გავუტოლდეთ დღევანდელ რუმინეთს, დღევანდელ ბულგარეთს, დღევანდელ სერბეთს. მოგეხსენებათ, პირველი ორი ევროკავშირის ქვეყნებია, ხოლო მესამე ამ გზას ადგას, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს მეზობლებზე დსთ-დან. ეს აუცილებლად მოხდება, თუკი რეფორმები შეუქცევადი გახდება. ამ ეტაპზე კი ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ეკონომიკური წინსვლა ისევ და ისევ აისახოს ყოველი ოჯახის კეთილდღეობაზე.

დიდი მადლობა. მე ოპტიმიზნით ვუყურებ ჩვენს საერთო მუშაობას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი