საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის სხდომა

26 ოქტომბერს თამარაშენში გაიმართა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის სხდომა. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე იმსჯელეს რეგიონში საფინანსო ინსტიტუტების ხაზინის და შემოსავლების სამსახურის შექმნაზე, ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე და ეკონომიკურ სფეროში კომპეტენციის გამიჯვნის პრინციპებზე.

– ,,პრაქტიკულად მუშაობა უკვე დავასრულეთ ფინანსურ სფეროში მიმდინარე საკით-ხებზე. მომავალი წლიდან აქ ამოქმედდება ხაზინის და შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ბიუროები. ჯერჯერობით ისინი შედარებით მცირერიცხოვანი და მიმდინარე ამოცანების შესრულებაზე იქნებიან ორიენტირებული, თუმცა სამომავლოდ ისეთივე მასშტაბის – როგორიც აჭარაში გვაქვს. საამისოდ უკვე ვამზადებთ კადრებს. ვიმსჯელეთ აგრეთვე ეკონომიკურ სფეროში უფლებამოსილების გამიჯვნის პირველად დოკუმენტზე. მისი განხილვა კვლავ გაგრძელდება მომდევნო სხდომაზე და, ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე მუშაობას დავასრულებთ და გადავალთ სამართლებრივ საკითხებზე. მომავალი ორი თვის განმავლობაში განვიხილავთ აგრეთვე განათლების და კულტურის სფეროში მიმდინარე საკითხებსაც. სამომავლოდ დაგეგმილია ერთობლივი მთავრობის სხდომის გამართვა, სადაც მოწვეულნი იქნებიან დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და ადმინისტრაციული ერთეულის ყველა მინისტრი, რათა ვიმსჯელოთ მათ მიერ მომზადებულ საკითხებზე,” – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
 
საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი