საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ცოდნის ქალაქი: პროექტის განხორციელება დაიწყო

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი გადაეცემა. მიღებული გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს უკვე გადაეცა სპორტ-კომპლექსები: ,,ქარიშხალა" და ,,სკა" (არმიის სპორტული კლუბი). ეს მოვლენა საფუძველს დაუდებს ,,ცოდნის ქალაქის" შექმნას, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

გადაცემული საკუთრების თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით უკვე გამოიყო 10 მლნ. ლარი. ნაგებობების საერთო ფართობი 44 000 კვ. მეტრია.

ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ყოფილი სამხედრო შტაბის ტერიტორიაზე გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ლომაიას ერთობლივი პრესკონფერენცია.

ალექსანდრე ლომაიამ აღნიშნა, რომ დღეს ხორციელდება იმ პროექტის წარდგენა, რომლის შესახებაც საზოგადოება რამდენიმე კვირაა რაც ინფორმირებულია.

ზურაბ ნოღაიდელმა ილაპარაკა განათლების სექტორში დაგეგმილ რეფორმებსა და გეგმებზე, რომლებიც უახლოესი წლების განმავლობაში პრიორიტეტული იქნება ქვეყნისათვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ დღეს იწყება ,,ცოდნის ქალაქი"-ს მშენებლობა, რაც თანამედროვე და კონკურენტუნარიანი საუნივერსიტეტო განათლების საფუძველია.

- ,,მთავარი, რითაც ჩვენ დავიწყეთ, ეს იყო საშუალო განათლების რეფორმა. საქართველოში სულ 2300 სკოლაა. 2010 წლის ბოლოსათვის დასრულდება ყველა სკოლის რემონტი და მშენებლობა. 400 სკოლა წელს რემონტდება, მომავალ წელს 500 სკოლაში ჩატარდება სარემონტო სამუშაოები. 2009 წლისათვის კი ჩვენ დავასრულებთ სკოლების კომპიუტერიზაციის პროცესს და დღის წესრიგში დგება მორიგი რიგის ამოცანები. ეს არის უმაღლესი და პროფესიული განათლება. 200 ჰექტარი მიწის ტერიტორიაზე შეიქმნება ცოდნის ქალაქი. განაშენიანებისათვის ვარგისი ნაწილი 150 ჰექტარია, სადაც გაშენდება თბილისში განთავსებული უნივერსიტეტის კორპუსების ძირითადი ნაწილი და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების დიდი უმრავლესობა. უახლოესი 5-6 წლის განმავლობაში ხელახლა აშენდება და აღიჭურვება თითოეული კორპუსი.

მომავალი ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება მიმართული შენობების ინფრასრუქტურის რეაბილიტაციაზე, ეს იქნება ახალი უნივერსიტეტი. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, რომ ინვესტიციები ჩაიდება სპორტულ ინფრასტრუქტურაშიც - ,,სკა"-ს (არმიის სპორტული კლუბი) და ,,ქარიშხალა"-ს ობიექტებში. ყველა უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ლაბორატორიული კორპუსები, სპორტული ინფრასტრუქტურა. ეს არის იმ გეგმის პირველი ნაწილი, რომლის რეალიზებაც მომავალი წლიდან დაიწყება. მერმის სწავლის დაწყებასთან ერთად შესაძლებელი იქნება სტუდენტების ეტაპობრივი გადმოყვანაც. საბოლოო ჯამში ცოდნის ქალაქში 400 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება მობილიზებული. ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა. ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა მიიღონ კონკურენტუნარიანი განათლება და, შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკაც მათი მონაწილეობით უნდა იყოს კონკურენტუნარიანი." - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი