საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი რაჭაში

22 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი რაჭაში იმყოფებოდა. მას მეგზურობას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ოთარ სირაძე უწევდა.

პრემიერ-მინისტრი გაეცნო შაორის ტბის განვითარების გეგმას, მოინახულა ქალაქ ამბროლაურში მშენებარე ობიექტები: სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი, გასართობი პარკი, სანიაღვრე არხი, დაათვალიერა ამბროლაურის მე-2 საჯარი სკოლა და რაიონული სასამართლოს შენობა, სადაც სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო მიმდინარე წლის აპრილში სოფელ ტოლაში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და სოფელ ბუგეულში მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებს, შეამოწმა ხოტევში ხიდის რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობა და კომპანია ,,რაჭის წყლის" ქარხანასაც ეწვია.

ზურაბ ნოღაიდელმა სოფელ წესში დაათვალიერა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი, გაეცნო ამბროლაური-ონის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის და ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას მდინარე რიონზე.

პრემიერ-მინისტრმა ქალაქ ონში მოინახულა ორი მშენებარე სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი, ონის ახლადგარემონტებული საჯარო სკოლა და მიწისძვრით დაზიანებული კორპუსების აღდგენითი სამუშაოები, ეწვია კურორტ შოვს და გაეცნო საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

- ,,ვფიქრობ, ეს ადგილი - ერთმანეთის გვერდით ორი ხიდი - ძველი, რომელიც უკვე მწყობრიდან გამოდის და ახალი, რომელიც უკვე შენდება - არის ბოლო პერიოდის რაჭის სიმბოლო. ეს არის რაჭისა და მთელი საქართველოს სიმბოლო - ძველის, დანგრეულის, მწყობრიდან გამოსულის ნაცვლად ახლის სწრაფად აღდგენა და აშენება.

ძირითადი სამუშაოები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ რაჭაში, კონცენტრირებულია გზების გაყვანაზე, მოწესრიგებაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე. შაორზე მალე დაიწყება მნიშვნელოვანი საინვესტიციო საქმიანობა და იგი გადაიქცევა საუკეთესო კურორტად საქართველოში. კარგად მიდის, ასევე, სხვა ინფრასტრუქტურის, კერძოდ, წყალმომარაგების სისტემის აღდგენა.

გადავდივართ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაზე - სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ეტაპიდან პრევენციულ სამუშაოებზე. ამ მხრივ, რაჭაში, ისევე როგორც ცაგერსა და ლენტეხში, სადაც დაახლოებით ორი კვირის წინ ვიყავი, საკმაოდ სერიოზული გეგმები გვაქვს. შევიძენთ ექსკავატორებს ყველა რაიონისთვის და მუდმივად ჩატარდება კალაპოტის გამწმენდი სამუშაოები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი