საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია

8 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩავიდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მან დაათვალიერა აბასთუმნის მონაკვეთზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დასრულებული და დასასვენებელი პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები.

შემდეგ პრემიერ-მინისტრი ახალციხის მუნიციპალიტეტში გაემგზავრა. იქ იგი გაეცნო ახალციხის წყალსადენის ტრასის დასრულებულ სამუშაოებს, ასევე, ვალესა და XIX საუკუნის ქალაქ-მუზეუმ ,,რაბათთან" მისასვლელ გზებზე სამუშაოების მიმდინარეობას. ვალეში ყოფნისას პრემიერ-მინისტრმა საქართველო-თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მუშაობა შეამოწმა.

პრემიერ-მინისტრი ასპინძის მუნიციპალიტეტში გაეცნო ნიჯგორი-ახალქალაქის და ახალციხე-ასპინძის გზებზე მიმდინარე სამუშაოებს, შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ეწვია ახალქალაქის №1 და №2 საჯარო სკოლებს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაათვალიერა ნინოწმინდის №4 ქართულ საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ეწვია ორლოვკის ყველის გადამმუშავებელ საწარმოს, გაეცნო ნონოწმინდის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციისა და საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობის მიმდინარეობას.

ზურაბ ნოღაიდელის თქმით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მისი ვიზიტის მთავარი მიზანი სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიმდინარეობის შემოწმება იყო, რომელთა შორის არის გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. მან კმაყოფილება გამოთქვა რეგიონში აღნიშნული პროექტების განხორციელების ტემპებით და ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში კერძო ინვესტიციებიც მრავლად არის, რისი დასტურიც რამდენიმე ახალი საწარმოს შექმნაა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი