საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ამერიკაში ვიზიტის ბოლო შეხვედრები

13 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მსოფლიო ბანკს ესტუმრა. მსოფლიო ბანკში მას შეხვედრა ჰქონდა მის პრეზიდენტთან პოლ ვოლფოვიჩთან (Paul Wolfowitz). ამ შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე ითქვა, რომ ხელი მოეწერა 20 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. მსოფლიო ბანკის რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელმა წარმატებულად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ახალი კრედიტის გამოყოფა ამ რეფორმების პოზიტიურობით ახსნა.

ვიზიტის დასასრულს, 14 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სენატორმა რიჩარდ ლუგარმა ისაუბრეს ენერგეტიკულ საკითხებზე, კონფლიქტების მოგვარებასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. სენატორმა საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ დაწესებული სანქციებისა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი აქვს. ზურაბ ნოღაიდელმა კი განაცხადა: ,,ჩვენ, ბუნებრივია, ვილაპარაკეთ ყველა იმ თემაზე, რომელზეც ვსაუბრობდით ამერიკაში მთელი ჩვენი ვიზიტის მანძილზე. ეს არის ენერგეტიკის საკითხები, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, კონფლიქტური რეგიონები, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია. ყველა ამ საკითხში ჩვენ გვაქვს არა უბრალოდ გაგება, არამედ სრული მხარდაჭერა სენატორ რიჩარდ ლუგარისგან, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას."


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი