საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი მეთიუ ბრაიზას შეხვდა

17 ნოემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე მეთიუ ბრაიზა. განიხილეს ენერგეტიკული საკითხები, ისაუბრეს აგრეთვე საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რუსეთ-საქართველოს შორის გართულებულ ურთიერთობაზე.

მეთიუ ბრაიზას თქმით, საქართველომ ენერგეტიკული თვალსაზრისით წარმატებით გაართვა თავი შარშანდელ რთულ ზამთარს ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე, რაც დიდი მიღწევაა, ახლა კი საქართველოს მთავრობას ელექტროენერგიის პრობლემა არა აქვს და მის ექსპორტსაც ეწევა, პირველად ამ წლების განმავლობაში.

,,რაც შეეხება ბუნებრივ აირს, პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა ალტერნატიული გზების მოძიებაზე მუშაობს. ჩემი პირადი კონსულტაციებიდან კი ვიცი, რომ თურქეთიც და აზერბაიჯანიც მზად არიან საქართველოს ზამთარში ენერგეტიკული პრობლემების აღმოფხვრაში დაეხმარონ," - განაცხადა ბრაიზამ.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი