საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი დენიელ ფრიდს შეხვდა

18 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისადმი ამერიკის მხარდაჭერის შესახებ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეაფასა 5 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. აგრეთვე, საქართველოს ნატოსთან ინტენსიური დიალოგის ეტაპზე გადასვლისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გეგმასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ ნოღაიდელმა და დენიელ ფრიდმა კომენტარები გააკეთეს:

ზურაბ ნოღაიდელი:

პირველ რიგში, მინდა საქართველოს მთავრობის სახელით მივესალმო ბატონ დენიელ ფრიდს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის დახმარება, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, ვიღებთ. არ დავმალავ, რომ ბატონი ფრიდის სტუმრობა თბილისში სწორედ დღეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, მაშინ, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის მეტისმეტად გამწვავებულია ურთიერთობები. დამატებით მინდა აღვნიშნო, ამერიკის მთავრობისა და პირადად დენიელ ფრიდის დახმარება საქართველოს ნატოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების პერიოდში.

დენიელ ფრიდი:

პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისთანავე გავაკეთე, ის იყო, რომ დავლიე ერთი ჭიქა ქართული ღვინო, რომელიც ძალიან მომეწონა და ამავე დროს სასარგებლოა. ქართული ღვინის დალევას ვურჩევ ამერიკელ მომხმარებელსაც.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში წარმატებით მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და ის კურსი, რომელიც ქვეყანას აღებული აქვს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციისაკენ. ახლახანს, ნატო შეუდგა საქართველოსთან ინტენსიურ დიალოგს. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული სამშვიდობო გეგმა, რომელიც იძლევა ძალზედ ქმედით შესაძლებლობებს დიალოგის შემდგომი განვითარებისათვის. კვლავ ვადასტურებთ, რომ გაყინული კონფლიქტების მოგვარება უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხის უფლებების დაცვით.

სამწუხაროდ, საქართველოში რთულ დროს ჩამოვედი, როდესაც გამწვავებულია რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები. გუშინ ჩამოსვლისას შევიტყვე, რომ დეპორტაციისას გარდაიცვალა ერთ-ერთი ქართველი, რაც ძალზედ შემაშფოთებილია. შემაშფოთებელია ის შევიწროება, რასაც ქართველები რუსეთის მხრიდან განიცდიან. დაუშვებელია ნებისმიერი ერის წარმომადგენლების შეურაცხყოფა მათი ეთნიკური ნიშნით. ჩვენ კონსტრუქციული დიალოგის მომხრე ვართ. ჩვენი განწყობა ასეთია და ასეთივე განწყობა აქვს საქართველოს მთავრობასაც.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი