საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

საქართველოში ქუვეითის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ

13 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ქუვეითის პრემიერ-მინისტრი შეიხ ნასერ ალ-მოჰამედ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი. აეროპორტში მას ზურაბ ნოღაიდელი დახვდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ზურაბ ნოღაიდელმა კმაყოფილება გამოხატა ქუვეითის პრემიერ-მინისტრის საპასუხო ვიზიტის გამო და აღნიშნა: ,,ძალიან მნიშვნელოვანია ქუვეითის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო ინტენსიური გაგვეხადა ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქუვეითის პრემიერ-მინისტრის საპასუხო ვიზიტი საკმაოდ სწრაფად შედგა. ხვალ ხელი მოეწერება მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საქართველოსა და ქუვეითის ფონდს შორის. ჩვენ გვინდა, რომ 2008 წლიდან ქუვეითის ფონდმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს დასავლეთის მიმართულებით ავტომაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობაში. ბატონ შეიხ ნასერ მოჰამედ ალ-აჰმედ ალ-საბაჰს თან ახლავს ბიზნესმენების საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ მოვიზიდოთ ქუვეითური ინვესტიციები. საქართველო სხვადასხვა ტურისტული ადგილებით მიმზიდველი იქნება ქუვეითელებისათვის, როგორც ინვესტიციების, ასევე დასვენების თვალსაზრისით." სტუმრის პატივსაცემად რუსთაველის თეატრში გაიმართა ილია სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის კონცერტი.

ოფიციალური შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან 14 სექტემბრიდან დაიწყო. მთავრობის კანცელარიაში ქუვეითის პრემიერ-მინისტრი მიიღო ზურაბ ნოღაიდელმა. შეხვედრაზე ილაპარაკეს საქართველოში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მიმართა ქუვეითის მთავრობას, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას ახლო აღმოსავლეთისა და არაბეთის (სპარსეთის) ყურის ქვეყნებთან. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაიხადა ,,იმ დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებდით საქართველოს საავტომობილო გზების აღდგენისათვის; ხელმოწერილი პროექტისათვის, რომელიც ითვალისწინებს თბილისში საავტომობილო გზების რეაბილიტაციას.

ქუვეითის პრემიერ-მინისტრმა გულითადი დახვედრისა და სტუმართმოყვარეობისათვის მადლობა გადაიხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება და 2007 წლის თებერვალში, ქვეყნის განთავისუფლების დღესასწაულზე, საქართველოს დელეგაცია მიიპატიჟა.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა რესტორან ,,მეიდანში" ქუვეითის დელეგაცია სამუშაო ლანჩზე მიიპატიჟა.

ქუვეითის პრემიერ-მინისტრი აგრეთვე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა და წარმატებული უწოდა თანამშრომლო-ბას ,,ქუვეითის ფონდთან" და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში შეიქმნა ხელსაყრელი პირობები და უსაფრთხოების გარანტიები უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, რასაც მყარი საკანონმდებლო საფუძველი გააჩნია და რაც აღიარებულია კიდეც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

დელეგაცია საქართველოდან პრემიერ-მინისტრმა გააცილა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი