საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სტუმრობა რაჭაში

5 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი რაჭას ეწვია.

ზურაბ ნოღაიდელმა დაათვალიერა ონი-ამბროლაურის დამაკავშირებელი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი. მან ამბროლაურში მოინახულა ის მშენებარე ობიექტები, რომელთა დასრულება უახლოეს მომავალში იგეგმება, მათ შორის: ამბროლაურის ცენტრში მშენებარე 70 ადგილიანი სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი, აგრეთვე, ღვინის მცირე ქარხნები, ჩოგბურთის კორტები, საბავშვო სკვერი და იუსტიციის სახლი.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტურიზმი რაჭის ეკონომიკის განვითარებაში პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შაორის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიის ათვისებას.

ქვეყნის ბიუჯეტიდან რეგიონის განვითარებისათვის ბოლო 2 წლის განმავლობაში უკვე 45 მილიონი ლარი დაიხარჯა. აღდგენილია სტიქიისგან დაზიანებული ხიდები, გრძელდება საავტომობილო გზების შეკეთება, დასრულებულია ნაპირგასამაგრი სამუშაოები, დასრულებულია მოლაპარაკებები უწერისა და შოვის სანატორიუმების პრივატიზებაზე: ,,მიდგომა მომავალში უფრო ფუნდამენტური იქნება, მზადდება ტურისტული განვითარების გეგმა შაორის წყალსაცავის ირგვლივ. აშენდება სასტუმროები, კომპლექსები, პანსიონატები, დასასვენებელი სახლები და ტურისტული ინფრასტრუქტურა უახლოეს მომავალში მოწესრიგდება." - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა რაჭაში ვიზიტისას.

პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა ამბროლაურის მე-2 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები და უკმაყოფილო დარჩა მშენებლობის ხარისხითა და ტემპით. იქ სწავლა 18 სექტემბრისათვის ვერ განახლდება და ამიტომაც შეიძლება მშენებლების მიმართ გარკვეული სანქციებიც გატარდეს.

ონში ზურაბ ნოღაიდელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საუბარი ქალაქის წყლით მომარაგების პრობლემას შეეხო, რომელიც 60 წელია ვერ გადაწყდა. ეს თემა განსაკუთრებით გამწვავდა შარშანდელი წყალდიდობების შემდეგ, მას შემდეგ, რაც მთლიანად დაინგრა წყალსაცავი. მთავრობის ხელმძღვანელი ხალხს დაჰპირდა, რომ სახელმწიფო ამ საკითხს მომავალი წლიდან მიხედავს. ,,ნაპირსამაგრი სამუშაოები საკმაოდ სერიოზულად, საფუძვლიანად არის ჩატარებული, წყლის საკითხიც უახლოეს დროში მოგვარდება. რეგიონის მთავარი პრობლემა, უპირველეს ყოვლისა გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია იყო და ჩვენ ამ საკითხის გადაჭრა შევძელით და მომავალშიც გავაგრძელებთ" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ხელმძღვანელმა ვიზიტის დასასრულს თათბირი რაიონების გამგებლებთან გამართა. საუბარი შეეხებოდა რეგიონში სახელმწიფო დაფინანსებით განსახორციელებელ ინვესტიციებს.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში წლეულს რაჭას რეკორდული რაოდენობა - 72 ათასი დამსვენებელი ესტუმრა. ადგილობრივი ხელმძღვანელობის აზრით, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესრულება რაჭაში დამსვენებელთა რიცხვს ერთიორად გაზრდის.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი