საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი სამომხმარებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

29 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამომხმარებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ისაუბრეს პრეზიდენტის ინიციატივაზე პროფესიული გადამზადების პროგრამასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ვლადიმერ ჭიპაშვილი და სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ლევან ფერაძე.

ზურაბ ნოღაიდელმა ვლადიმერ ჭიპაშვილს დაავალა კიდევ ერთხელ შეხვდეს სამომხმარებლო სექტორის წარმომადგენლებს და უფრო დეტალურად განიხილონ ორგანიზაციული საკითხები. პროგრამა

15 სექტემბრიდან ამოქმედდება და ამ დროისთვის უნდა დასრულდეს ყველა ტექნიკური სამუშაო.

სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ილაპარაკა აღნიშნული პროგრამის დეტალებზე.

პროგრამა ამოქმედდება საქართველოს ათ დიდ ქალაქში, შექმნილია ცენტრები, სადაც მსურველები შესაფერის თანამდებობას, ანუ სტაჟირების ადგილს მოძებნიან. თავის მხრივ, სხვადასხვა კომპანიები მოითხოვენ მათთვის საჭირო პროფესიის ადამიანებს, ჩაუტარებენ სტაჟირებას და შემდეგ ადგილზევე შეარჩევენ სასურველ და მისაღებ კადრებს.

"ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები პრეზიდენტის ახალ ეკონომიკურ ინიციატივასთან დაკავშირებით სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. მინდა ამაზე უფრო დეტალურად წარმოგიდგინოთ ინფორმაცია, რათა ერთობლივად დავსახოთ მუშაობის გზები. დასაქმების პროგრამის გათვალისწინებით, საქართველოში იქმნება პროფესიული მომზადების ცენტრები, წლის ბოლომდე დაგეგმილია 11 ასეთი ცენტრის შექმნა. საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპები მაღალია, წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ია, მარტო თქვენს სექტორში ეკონომიკური ზრდა 18% დაფიქსირდა. ამ ეკონომიკური ზრდის შესაბამისად ქვეყანას იდენტური სამომხმარებლო სერვისი სჭირდება. გაიზარდა ტურისტების, დამსვენებლების რაოდენობა, გაიზარდა ტვირთბრუნვები სხვადასხვა ქვეყნებთან. ყოველწლიურად გვაქვს ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და საჭიროა მაღალი დონის სამომხმარებლო სერვისის შექმნა და ეს ჩვენ ერთობლივად უნდა უზრუნველვყოთ" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე დარიგდა განაცხადის ფორმები, რომლებიც უნდა შეივსოს 15 სექტემბრამდე. სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო მუშაობას სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი