საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი ჟან პონტონ დამეკურს შეხვდა

ოთხშაბათს, 23 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის კანცელარიაში მიიღო საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა დირექტორი ჟან პონტონ დამეკური.

საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.

ზურაბ ნოღაიდელმა მადლობა გადაუხადა სტუმარს იმ დახმარებისათვის რასაც საფრანგეთის მთავრობა უწევს საქართველოს თავდაცვის სფეროს აღმშენებლობის საქმეში. კერძოდ, აღინიშნა საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, რომელიც ფრანგული მხარის დახმარებით შეიქმნა და რომლის გახსნასაც 22 აგვისტოს თავად დამეკური დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოსათვის არა მარტო ორმხრივ, არამედ ევროპის კავშირთან ურთიერთობის ფორმატში.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმდინარეობის შესახებ. გამოითქვა იმედი, რომ 21 სექტემბერს ნიუ-იორკში დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოზე დადებითად გადაწყდება საქართველოსათვის ინტენსიური დიალოგის რეჟიმის ამოქმედების საკითხი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი