საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

22 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა სამშენებლო კომპანიათა წარმომადგენლებს. ისაუბრეს პრეზიდენტის ინიციატივაზე პროფესიული გადამზადების პროგრამასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ვლადიმერ ჭიპაშვილი და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე.

ვლადიმერ ჭიპაშვილმა წარმოადგინა დეტალური სქემა, თუ როგორ იმუშავებს პროგრამა, როგორ მოხდება პროფესიული გადამზადების მსურველთა აღრიცხვა. შეირჩევა სტაჟიორები, რომლებიც თითოეულ კომპანიაში 3 თვეს იმუშავებენ. მათ სახელმწიფო ყოველთვიურად 150 ლარიან სტიპენდიას გადაუხდის. ამ პროგრამას მოხმარდება 24 მილიონი ლარი. ამასთან, ქვეყანაში მომავალ წელს გაიხსნება 11 პროფსასწავლებელი, სადაც მსურველებს შეეძლებათ ცოდნის მიღება პირველად პროფესიებში.

,,მინდა წარმოგიდგინოთ პრეზიდენტის ახალი ეკონომიკური ინიციატივა, რომელიც შეეხება უმუშევართა დასაქმების საკითხს და აგრეთვე მთავრობის გეგმები სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით. შესაბამისად, უნდა დავსახოთ ჩვენი ერთობლივი მოქმედების გეგმები. როგორც ცნობილია, საქართველოში მომავალ წელს იქნება მნიშვნელოვნად მეტი უცხოური ინვესტიცია. ძირითადი ინვესტიციები სწორედ სამშენებლო სფეროში განხორციელდება. ბუნებრივია, გაჩნდება მოთხოვნა ახალ სამუშაო ადგილებზე, ამიტომ საჭიროა ახლავე დაიწყოს ჩვენი მოქალაქეების მომზადება, რომ მათ მომავალი წლისთვის ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია. ამ პროგრამის განხორციელების შედეგად დასაქმდებიან მოქალაქეები, რაც შეამცირებს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრთა რიცხვს." - თქვა შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა.

ზურაბ ნოღაიდელმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო კონკრეტულ სფეროებში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა. კერძოდ, მისი განცხადებით, 2006-2011 წლებში ჯანდაცვის სფერო დაფინანსდება 600 მილიონი ლარით; განათლების სფერო - 497 მილიონი ლარით; სოციალური ინფრასტრუქტურა - 160 მილიონი ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურა - 550 მილიონი ლარით, შიდა გზები - 100 მილიონი ლარით, სამშენებლო სფერო - 350 მილიონი ლარით.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი