საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი რუსთავს ეწვია

12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ რუსთავს ეწვია, სადაც გაეცნო მეტალურგების ქალაქის პრობლემებს. ქალაქში მოძველებულია ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები, უმთავრესი კი წყლის მიწოდების პრობლემაა. პრემიერ-მინისტრი რუსთაველებს დაჰპირდა, რომ დამტკიცებული 23 მილიონიანი პროექტის ფარგლებში წყლის მიწოდების საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება.

ზურაბ ნოღაიდელმა ქალაქში მოინახულა შიდა კვარტალური გზების აღდგენის სამუშაოები, დაათვალიერა გზების დაგებისა და კინოთეატრის მშენებლობის მიმდინარეობა. მან რეგიონის ხელმძღვანელობას ინფრასტრუქტურის განვითარებისაკენ მოუწოდა. „სამუშაოები მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. თუმცა, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ადგილობრივი, დამატებითი რესურსების ხარჯზე კიდევ უფრო მეტი სამუშაოების ჩატარება. რუსთავის ბიუჯეტი შეიძლება 1-დან 2 მილიონ ლარამდე გადაჭარბებით შესრულდეს, რაც დამატებითი სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს. კმაყოფილი ვარ იმით, რომ პრიორიტეტები სწორადაა შერჩეული, მიმდინარეობს არა მარტო ცენტრალური ტრასების, არამედ შიდა კვარტალური გზების შეკეთება. ასეთი სამუშაოები ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. მართალია მოსახლეობა მეტს ითხოვს, მაგრამ მაინც კმაყოფილია" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზურაბ ნოღაიდელმა ქ. რუსთავში ასევე რამდენიმე საწარმო მოინახულა და დაათვალიერა რუსთავის მშენებარე სტადიონი.

ვიზიტის დასასრულს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვემო ქართლის რაიონის გამგებლებს შეხვდა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი