საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი გურიას ეწვია

29 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გურიის რეგიონს ეწვია.

რეგიონში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრმა მოინახულა სამტრედია-ჩოხატაურის გზის საჯავახოს მონაკვეთის მშენებლობა; დაათვალიერა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლის კაპიტალური შეკეთების მიმდინარეობა და მონაწილეობა მიიღო დაბა ჩოხატაურის პურკომბინატში ბუნებრივი აირის გაშვების ცერემონიაში; მოგვიანებით, ზურაბ ნოღაიდელმა დაათვალიერა ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში წყალსადენის სათავე ნაგებობისა და №2 საჯარო სკოლის მშენებლობები, ესტუმრა ნაბეღლავის ქარხანასაც; მან ასევე დაათვალიერა ოზურგეთი-ნატანების მშენებარე ტრასის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები, მოინახულა შპს „ტონუსი" და „აკვაპარკის" მშენებლობა დაბა შეკვეთილში; დაათვალიერა ქალაქ ლანჩხუთის №1 და ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსის საჯარო სკოლების სარემონტო სამუშაოები.

„წელს გურიაში ჩვენ საკმაოდ ამბიციური საინვესტიციო გეგმები გვაქვს. იგება 60 კმ. გზა და პრაქტიკულად სხვა რეგიონებიდან გურიაში შესასვლელი ყველა მხარე იქნება მოწესრიგებული. იგება საჯავახო-ჩოხატაურის, ქობულეთი-ოზურგეთისა და ნატანების სანაპიროს მიმართულებით გზები, რამაც სერიოზული სტიმული უნდა მისცეს ამ მხარეში ეკონომიკის განვითარებას, ასევე გრძელდება განათლების ობიექტების რეაბილიტაცია" - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა გურიაში ვიზიტისას.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა რაიონების გამგებლებს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი