საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში

25 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის პირველი დღე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ფრანკო ფრატინისთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული - ევროკავშირთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია შემდეგი მიმართულებებით: საზღვრის მენეჯმენტი, რომელიც მოიცავს სასაზღვრო სამსახურის ჩამოყალიბებას და კონტროლის განმტკიცებას. საუბარი აგრეთვე შეეხო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების პერსპექტივას. ამასთან, გაგრძელდება ევროკავშირთან მუშაობა საქართველოს ზოგიერთი კატეგორიის მოქალაქეებისთვის (ბიზნესმენები, დიპლომატები, სტუდენტები) სავიზო მოთხოვნების შერბილებასთან დაკავშირებით.

დღესვე პრემიერ-მინისტრი აშშ-ს მუდმივ წარმომადგენელს ნატო-ში ვიქტორია ნულანდს შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მდგომარეობას და პერსპექტივას. ვიქტორია ნულანდის თქმით, ნატო ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. ალიანსის წევრებისთვის თვალსაჩინოა ის შედეგები, რასაც ქვეყანამ ამ მოკლე პერიოდში მიაღწია, რაც საქართველოსთან ნატო-ს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების წინაპირობაა. თავის მხრივ, ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაწყებული რეფორმები შეუქცევადია და რომ საქართველო მზადაა ყველა ის საფეხური გაიაროს რაც ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანებისკენ შეუწყობს ხელს.

ვიზიტის მეორე დღეს პრემიერ-მინისტრი ნატოს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება. დაგეგმილია აგრეთვე შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოპ სჰეფერთან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი