საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შაბათს, 22 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ზურაბ ნოღაიდელმა, მთავრობის კანცელარიაში მიიღო ევროპის კავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ბატონი პიტერ სემნები.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე. ზურაბ ნოღაიდელმა კმაყოფილებით აღნიშნა ევროპის კომისიის ბოლო განცხადება საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისადმი.

საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება ინსტიტუციონალიზაციის პროცესი - რომ ქვეყანაში, ამა თუ იმ ინსტიტუტის ფუნქციონირების ხარისხი სულ უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული მათ სათავეში მდგომ პერსონალიებთან. ზურაბ ნოღაიდელმა ისაუბრა სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის შესახებაც. აღინიშნა, რომ სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც, დროისა და დანახარჯების გათვალისწინებით, ამ მიმართულების ყოველი სფეროს ფუნდამენტურ რეფორმირებასა და სრულყოფას გულისხმობს.

საუბარი ასევე შეეხო ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის დარეგულირების პროცესის მიმდინარეობას. ზურაბ ნოღაიდელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებთან მიმართებაში უცვლელია და მათი გადაწყვეტის მხოლოდ მშვიდობიან გზებს გულისხმობს. ამასთან ითქვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უკონტროლო ტერიტორიები კრიმინალისა და ტერორიზმის გავრცელების კერას წარმოადგენენ და საფრთხეს უქმნიან მთელი რეგიონის სტაბილურობას. აღინიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს მომხდარი პროვოკაციები მიმართულია სამშვიდობო პროცესის გაჭიანურებისაკენ და რომ რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის უპირველეს ამოცანად რეგიონის დემილიტარიზაცია რჩება. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სახეზეა სამშვიდობო ძალების მიერ მათი მანდატის შესრულებისაგან თავის არიდება.

მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს დონორთა კონფერენციის შედეგებს და იმედი გამოთქვეს რომ რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონის ქართველი და ოსი ეროვნების მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი