საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა VIII საერთაშორისო კონფერენციის (GIOGIE) მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

2009 წლის 2 აპრილს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" VIII საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა "ნავთობი და გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" (GIOGIE) გაიმართა.

კონფერენციაზე განიხილება: დასავლეთ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების, თურქეთი-საბერძნეთის და საბერძნეთი-იტალიის მილსადენების მოდიფიკაციის საკითხები. აგრეთვე, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, თურქმენეთთან და ყაზახეთთან შეერთების პოტენციალის კვლევა ტრანს-კასპიური გაზსადენის განვითარების გზით, დასავლური ინვესტიციების ხელშეწყობა დამატებითი სატრანსპორტო გზების განვითარებისთვის და სიახლეები საქართველოს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სექტორებში.

კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსნა.

„საერთაშორისო კონფერენციამ "ნავთობი და გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" შესაძლოა კვლავ დიდი როლი ითამაშოს მსხვილი ენერგეტიკული პროექტების დაწყებაში. ისეთი პროექტების, როგორებიცაა "ნაბუკოს" და "თეთრი ნაკადის" გაზსადენები." "ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც პირველად 8 წლის წინათ ჩატარდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდისათვის, რადგანაც მაშინ განიხილებოდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტები. გარკვეული პერიოდის შემდეგ GIOGIE-მა მცირედით დაკარგა მნიშვნელობა, თუმცა დღეს ამ კონფერენციის აქტუალობა კვლავ მნიშვნელოვანია, რადგან დღის წესრიგში დგას "ნაბუკო" და "თეთრი ნაკადი," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

კონფერენციის მსვლელობისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ნეიტრალური როლის მქონე ქვეყანაა, მსგავსი პროექტების განსახორციელებლად კი მხოლოდ კომპანიების აქტიურობა არ არის საკმარისი და ამ პროცესში უფრო აქტიურად სახელმწიფოებიც უნდა ჩაერთონ.

"საქართველომ აქ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, როგორც ქვეყანამ, რომელიც არის ნეიტრალური და ტრანზიტული ამ პროექტებში. შესაძლებელი მომავალში სხვადასხვა ქვეყნებს შორის შუამავლის როლში აღმოჩნდეს. კონფერენციაზე ჩამოსულია ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც კერძო კომპანიები, ისე სახელმწიფო წარმომადგენლები. მომავალ მსხვილ პროექტებზე საუბარი სწორედ ამ კონფერენციაზე იქნება," - განაცხადა გილაურმა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ 13 ქვეყნის წარმომადგენლები.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური