საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა ნიქოზში კაშხლის მშენებლობა დაათვალიერა

2009 წლის 10 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, სოფელ ნიქოზში, კაშხლის მშენებლობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

კაშხალი, გორის რაიონს სრულად და კასპის რაიონის რამოდენიმე სოფელს მოემსახურება. ამ დროისათვის, ბეტონის ჯებირის ამოყვანითი სამუშაოები 80%-ითაა შესრულებული. კაშხალი ორ ეტაპად ჩაბარდება, პირველადი სამუშაოები, მაისისთვის დასრულდება, ხოლო ივნისის თვეში, კონსტრუქცია ექსპლუატაციაში შევა. კაშხლის ამოქმედების შემდეგ ადგილობრივი ბაზრებისათვის დამატებით 55 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

,,ჩვენი მიზანია, რომ რეგიონებში არსებული სხვადასხვა პრობლემები მაქსიმალურად გადავწყვიტოთ. მოგეხსენებათ, მორწყვის პრობლემა გლეხებისთვის ერთ-ერთი მთავარი სატკივარია. სწორედ ამიტომ, წელს ჩვენ ამ პრობლემის გადასაწყვეტად 15 მილიონი ლარი გამოვყავით,'' - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური