საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრეს-რელიზი

2008 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 2.1 პროცენტი შეადგინა. გასულ წლებში გატარებული რეფორმების წყალობით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე ნაკლებად აისახა სხვა ქვეყნებთან შედარებით. ასე მაგალითად, საქართველოში არათუ არ განვითარდა საფინანსო კრიზისი, არამედ არცერთ საფინანსო დაწესებულებას პრობლემა არ შექმნია, არ გაიზარდა უმუშევრობა, ხოლო ინფლაცია კი შემცირდა.

ბუნებრივია, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისგან არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული და საქართველოს მთავრობა ელოდა, რომ კრიზისი საქართველოზეც აისახებოდა. 2009 წლის I კვარტლის მიმდინარეობის შესაბამისად მთავრობა მოელოდა, რომ 2009 წლის ეკონომიკური ზრდა 1 პროცენტს მიაღწევდა. აღნიშნული მოსაზრება დამყარებული იყო იმ ფაქტზე, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენისა და ადგილობრივი ბუნებრივი ფაქტორების გათვალისწინებით I კვარტალში მოხდებოდა ეკონომიკის საგრძნობი შემცირება, II კვარტალშიც ასევე ადგილი ექნებოდა მცირედ კლებას, თუმცა ფისკალური სტიმულირებისა და წინა წლებში გატარებული რეფორმების შედეგად მიღწეული უპირატესობის გამოყენებით მოხერხდებოდა უკვე II კვარტლიდან საინვესტიციო ნაკადების გააქტიურება და III, IV კვარტლების ზრდის შედეგად მთლიანად 2009 წელს დავასრულებდით მცირე მაგრამ მაინც პოზიტიური ზრდით. აღსანიშნავია, რომ ამ სცენარს სრულიად იზიარებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკური ურთიერთობების კრიზისმა ჩვენ პრაქტიკულად მთლიანად დაგვაკარგინა წლის პირველი ნახევარი. არსებული ვითარება აისახა როგორც ინვესტორების ისე ადგილობრივი ბიზნესმენების ნდობაზე მთლიანად ქვეყნის მიმართ. შემცირდა ექსპორტისა და იმპორტის დონე, შემცირდა საწარმოთ ბრუნვები, ბევრმა ინვესტორმა დააყოვნა ინვესტირება. ვარაუდი იმისა, რომ II კვარტლაში მოვიზიდავდით ინვესტიციებს და ეკონომიკა სრულფასოვნად ამუშავდებოდა შეუძლებელი შეიქმნა. აღნიშნულის რეალიზება ამჟამად მხოლოდ III და IV კვარტლებშია შესაძლებელია. "ქუჩის პოლიტიკის" შედეგად მივიღეთ ის პროგნოზი, რომ 2009 წელს შესაძლოა ეკონომიკა შემცირდეს 1.5 პროცენტით. ეს შესაბამისად აისახება ყველა სხვა პარამეტრზე და განსაკუთრებით საგადასახადო შემოსავლებზე, რომლებიც ნაკლები იქნება დაგეგმილ პარამეტრთან შედარებით.

ამის მიუხედავად, გასული თვეების განმავლობაში მთავრობამ აქტიურად იმუშავა დონორ ორგანიზაციებთან და დასავლეთის უპრეცენდენტო მხარდაჭერის შედეგად ჩვენ შევძლებთ გავზარდოთ 2009 წლის ბიუჯეტი, რაც ნიშნავს ეკონომიკის დამატებით სტიმულირებას ადრე დაგეგმილ პარამეტრებთან შედარებით. ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს გაზრდილი არასაგადასახადო შემოსავლები, სხვადასხვა საერთაშორისო დახმარებების სახით. ამასთანავე, თითქმის ბოლომდე დასრულდა დონორებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ტენდერები და დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. ივნისიდან დაწყებული ეს სამუშაოები შემნის დამატებით სტიმულს ეკნომიკისათვის, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება IV კვარტალში და სტაბილური პოლიტიკური პროცესების პირობებში ქვეყანა შეძლებს გადალახოს არსებული ეკონომიკური სირთულეები.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური