საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრეს-რელიზი

საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, თბილისის მერიამ საბანკო და სამშენებლო სექტორთან ერთად შევიმუშავეთ ახალი ფინანსური პაკეტი, რომლის მიზანია მთავრობის მიერ ეკონომიკის სტიმულირება, საბანკო სექტორის აქტივობების ზრდის ხელშეწყობა და სამშენებლო სფეროს მხარდაჭერა.

პირველი-ეს პუნქტი ეხება სამშენებლო სექტორის ხელშეწყობას და ის გაცხადებული იყო გუშინ თბილისის მერიის მიერ.

მეორე-დღესდღეობით საბანკო სექტორს და კერძო კომპანიებსაც აქვთ გარკვეული საფინანსო რესურსები, რომლებსაც არ ან ვერ ხარჯავენ ეკონომიკაში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე მაღალი რისკების გამო. სავარაუდოდ, ზემოთჩამოთვლილი ქმედებების შემდეგ მაინც დარჩება ასეთი სახის აუთვისებელი თანხები საბანკო სექტორში და კერძო კომპანეიბში. ეს არის ფინანსური რესურსი, რომელიც ეკონომიკაში არ მონაწილეობს.სწორედ ამ ჭარბი თანხების ეკონომიკაში დასაბრუნებლად მთავრობა იწყებს სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას, რაც, ერთის მხრივ ბანკებს მისცემს საშუალებას პროცენტების სახით მიიღონ დამატებითი შემოსავალი, ხოლო მეორეს მხრივ, მთავრობას ეძლევა შანსი მოზიდული რესურსი დააბანდოს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, დაასაქმოს მოსახლეობა.

მესამე-მთავრობა მიმართავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს დამატებითი საკრედიტო პაკეტი შესთავაზონ ქართული საბანკო სექტორს. 4,5 მილიარდი დოლარიდან 0.5 მილიარდზე მეტი სწორედ საბანკო სექტორის მხარდაჭერას მოხმარდა და ამან მისცა საშუალება ბანკებს სრულად დაეფარათ ვალდებულებები და შეენარჩუნებინათ მაღალი ლიკვიდურობა. ჩვენი გათვლებით ახალი პაკეტი, რომელიც 200 მილიონ დოლარზე მეტი უნდა იყოს, შემდეგი 9-12 თვის განმავლობაში იქნება ათვისებული და ის მიეშველება ეკონომიკას მომავალი წლის პირველ ნახევარში შეინარჩუნოს ზრდის ტემპები, რომელსაც მივაღწევთ ამ წლის ბოლოსთვის.


მეოთხე-დღეს უკვე აღარავინ დავობს იმის შესახებ, რომ მოქმედი მკაცრი საბანკო რეგულაციების შედეგად საქართველოს საბანკო სექტორი გადაურჩა დიდ რყევებს, შეძლო იმ პრობლემებთან გამკლავება , რომელიც გასული წლის აგვსიტოს ომით დაიწყო და შემდეგ ფინასური კრიზისით გაგრძელდა. ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი და ვისაუბროთ რეგულირების გარკევულწილ შემსუბუქებაზე. საუბარია აქტივების შეწონის კოეფიციენტის 1.75 % და 1.5 % მდე დაწევაზე , რაც ბანკებს გამოუნთავისუფლებს 700 მლნ ლარზე მეტ რესურს და ეს მნიშვნელოვანი სტიმული იქნება საბანკო სექტორისათვის გააქტიუროს სესხების გაცემის პროცესი.

მეხუთე-სავალუტო სვოპი-სავალუტო სვოპის მეშვეობით,საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უხსნის გაცვლითი კურსის რისკს, ხელს უწყობს მათ უფრო მეტი თანხა მოიზიდონ უცხოეთიდან, მიიღონ მეტის სარგებელი და გაზარდონ საქართველოში საკრედიტო პორტფელი.

წარმოდგენილი წინადადებების რეალიზებით კერძო სექტორს ეძლევა საშუალება დაასრულოს დაწყებული სამუშაოები და წამოიწყოს ახალი პროქტები, საბანკო სექტორს გაუჩნდება დამატებითი 900 მილიონი დოლარი საკრედიტო რესურსი.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური