საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

მთავრობის კანცელარიაში ჯანდაცვის კომისიის სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2009 წლის 6 ნოემბერს, მთავრობის კანცელარიაში ჯანდაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს H1N1 ვირუსთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

"დღეს მოვიწვიეთ ჯანდაცვის კომისია იმისთვის,რომ განვიხილოთ ღორის გრიპთან დაკავშირებული ვითარება. მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ რთულადაა სიტუაცია. უკრაინულ მხარეს გარკვეული ტვირთი მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო აპარატურის სახით უკვე გავუგზავნეთ. მინდა ჩვენს მოსახელობას მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა სიტუაცია გვაქვს საქართველოში და რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ ამ მიმართულებით . " აღნიშნა პრემიერ-მინისიტრმა.

ნიკა გილაურმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრს სანდრო კვიტაშვილს სთხოვა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.

"მოსახლეობაში არის გარკვეული პანიკის ნიშნები, იმის ფონზე, თუ რა ხდება უკრაინაში. ის სიტუაცია, რაც უკრაინაშია ჩვენთან არ არის. შიგნით გავრცელება ვირუსის დღემდე არ მომხდარა. ამჯერად დაფიქსირებულია 38 შემთხვევა. მოსახლეობა თვითონ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით უდგება პრობლემას. როგორც კი უჩნდებათ რაიმე ეჭვი დღეში დაახლოებით 20 მდე ადამიანი მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და პოლიკლინიკებში, რაც ძალიან კარგია. ჩვენ რაოდენობის ზრდას დეკემბრის პირველ ნახევარში, იანვარში ველოდებით. მარაგები გვაქვს. გვაქვს ელენზას 26 ათასი დოზა, რაც ძირითადად რეკომენდირებულია ორსულებზე. ტამიფლუ, ფხვნილის სახით 105 ათასი ცალი, 6100 ტაბლეტირებული ფორმით. მედიკამენტების ადმინსტრირება ექიმების მიერ მოხდება. კომერციულ ქსელში 35000 ტამიფლუს დოზაა. არა გვაქვს პრობლემა პირბადეებზე და ხელთათმანებზე. ბავშვებისათვის დამატებით შემოვიტანეთ 20 სუნთქვის აპარატი. შეიძლება ითქვას, რომ სისტემა სრულ მზადყოფნაშია. ჩვენ უფრო ინტენსიურად გავაკეთებთ საინფორმაციო კამპანიას, ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მარტივ ენაზე მივიტანოთ მოსახლეობასთან ყველა ინფორმაცია რაც ეპიდემიის თავიდან აცილებაში დაეხამრება მათ."- განაცხადა სანდრო კვიტაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დასასრულ დასძინა, რომ უმთავრესია გვქონდეს მარაგები და მოხდეს მოსახლეობის დროული ინფორმირება.

 

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური