საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა.

4 მარტს ნიკა გილაური ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს ბ-ნ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის (Jacek Saryusz-Wolski) შეხვდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: "ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის საქართველოსადმი ევროპის გაერთიანების დახმარების შესახებ. ეს დახმარება იმ 4.5 მილიარდი დოლარის ნაწილია, რომელზეც ჩვენ შეთანხმება გვქონდა. ეს დახმარება მათი მხრიდან გაგრძელდება და დაჩქარდება."

აგრეთვე შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ევრომონიტორების მუშაობა საქართველოში. როგორც ევროკომისარმა სარიუშ-ვოლსკიმ განაცხადა, საქართველო ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენას ცდილობს. მიუხედავად არასასურველი ვითარებისა, რომელიც რუსეთის ქვეყანაში შემოჭრამ გამოიწვია. საქართველოს მთავრობა კვლავ ცდილობს ინვესტიციები მოიზიდოს დონორი ქვეყნებიდან, ვითარება ქვეყანაში იმდენად სტაბილურია, რამდენადაც ეს შეესაბამება ომის შემდგომ და ეკონომიკური კრიზისის პერიოდს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ითვალისწინებს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას რეგიონში. ჯერ-ჯერობით ისინი ვერ ახერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას. ბრიუსელში იმედს გამოთქვამენ, რომ აგვისტოსა და სექტემბერში მიღწეული შეთანხმება სრულად შესრულდება.

იმ დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ბ-ნ ხავიერ სოლანას (Javier Solana). შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ დახმარებებს, რომელსაც ევროკავშირი ომის შემგდომი რეაბილიტაციისთვის გამოყოფს, სავიზო რეჟიმის გამარტივებას და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების ყოფნას.

ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ნიკა გილაურმა განაცხადა: "ბატონი სოლანაც მხარს უჭერს და ამბობს რომ ეს არის წარმატებული პროექტი. ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი იმისათვის, რომ ის საბოლოოდ წარმატებული გახდეს და სრულად შესრულდეს ევროკავშირის მისიის მანდატი. მიუხედავად ამისა, ეს პროექტი გაგრძელდება და საქართველოში მონიტორინგის გაგრძელებას მოვაწერთ ხელს."

5 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილური ევროკომისარს საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ქ-ნ ბენიტა ფერეფო-ვალდნერ (Benita Ferrero-Waldner) შეხვდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ქალბატონ ფერერო-ვალდნერთან შეხვედრისას ისაუბრეს ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე. "მინდა აღვნიშნო, რომ ბრიუსელის კონფერენცია წარმატებით დასრულდა. წარმატებული იყო არა მარტო კონფერენცია, არამედ მისი დასრულების შემდგომი პერიოდიც, რადგან შესრულდა დაპირებები. ფინანსები მიმართულია საქართველოსკენ და დღეს დონორი ფონდები საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

თავის მხრივ ევროკომისარმა ბენიტა ფერერო ვალდნერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს: "ჩვენ არ ვცნობთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რადგან ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილად მიგვაჩნია." "გვინდა გავაგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რათა სერიოზული გამოწვევების გამკლავება შეძლოს. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას," - დასძინა მან.

აგრეთვე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ ჰანს-გერტ პოტერინგს (Hans-Gert Pöttering), ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში ანდრის პიებალგსს (Andris Piebalgs) და ბელგიის პრემიერ-მინისტრ ჰერმან ვან რომპუის (Herman Van Rompuy).

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური