საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 3 მარტის მთავრობის სხდომა

2009 წლის 3 მარტს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 27 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დედებს მიულოცა დღევანდელი დღე და მშვიდობა, წარმატება და ჯანმრთელობა უსურვა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გუშინ პირველი დღე იყო, ახალი სადაზღვეო პროგრამის, რომელიც წარმატებულად დაიწყო. „მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ ისინი უნდა მივიდნენ სადაზღვეო კომპანიებში 1 მარტიდან 1 ივნისამდე, რათა მოხდეს მათი დარეგისტრირება. გუშინ, როგორც ვიცი, 450 ადამიანი დარეგისტრირდა და აიღო სადაზღვეო პოლისი. 2000 ადამიანმა პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოხატა. მოხარული ვარ, რომ ასეთი წარმატებული დასაწყისი ქონდა, პირველი დღისთვის ეს მართლაც წარმატებული დასაწყისია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ სადაზღვეო პროგრამით ისარგებლებს.

რაც შეეხება დღევანდელ მთავრობის სხდომას, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი. პირველ რიგში, ეს არის იაფი კრედიტის პროგრამა. პარლამენტთან ერთად იაფი კრედიტის პროგრამის მიხედვით გასული წლის განმავლობაში ჩატარბული სამუშაოს ანალიზი გავაკეთეთ. ანალიზმა დაგვანახა, რომ სხვადასხვა მიმართულებით არის პრობლემები, ძირითადად ტერიტორიულ არაპროპორციულ განაწილების, რამოდენიმე რეგიონმა ძალიან მცირე დაფინანსება მიიღო ამ იაფი კრედიტის პროგრამით. დღეს მოვიწვიეთ ბატონები ზურაბ მელიქიშვილი და გოგი მელაძე, რათა წარმოგვიდგინონ ის იდეა, რომელიც პარლამენტში გაჩნდა. სამუშაო ვარიანტი უკვე მათთან ერთად გავიარეთ. იდეა გულისხმობს იმას, რომ დაცული იყოს გეოგრაფიული პროპორციულობა და ყველა რეგიონს ჰქონდეს გარკვეული შესაძლებლობა იაფი კრედიტის პროგრამით ადგილზე რაიმე წარმატებული პროგრამები განახორციელოს. დღეს გვექნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხილვა - ერთიანი სამაგისტრო გამოცდის და სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენ ვთავაზობთ, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირებმა ჩააბარონ ერთიანი სამაგისტრო გამოცდა. უმაღლესი ქულების მქონე პირები მიიღებენ სრულ ან ნაწილობრივ საგრანტო დაფინანსებას სახელმწიფოსგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა საგანმანათლებლო სექტორში," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური