საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 31 ივლისის მთავრობის სხდომა

2009 წლის 31 ივლისს, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 24 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

,,ივლისი იწურება და ჩვენ ყოველდღიური ინფორმაცია გვაქვს მაკროეკონომკურ მაჩვენებლებზე. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიხედვით, მაისი ყველაზე ცუდი თვე იყო. ივნისში და ივლისში ეს მაჩვენებელი ყველა პარამეტრით გაიზარდა. მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი ეს არის დღგ-ს გადამხდელთა კომპანიების ჯამური ბრუნვა, ეს მაჩვენებელი მაისში და ივნისში 6%-ით გაიზარდა, ზრდა ივლისის თვეშიც გრძელდება. საბანკო დეპოზიტებს ივლისს, მაისის თვეს თუ შევადარებთ, 10%-ით არის გაზრდილი. ეროვნული ბანკის წმინდა რეზერვებმა 19%-ით მოიმატა. ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ასევე მინდა ავღნიშნო რომ, ახალი ფინანსური პაკეტის გარკვეულ ეფექტს, რომელიც საზოგადოებას რამოდენიმე კვირის წინ შევთავაზეთ, უკვე ვხედავთ. თუმცა, მთავარი ეფექტი უფრო მესამე კვარტლის ბოლოს, სექტემბერ-ოქტომბერში ექნება. რაც შეეხება საქართველოს სუვერენული ევროფონდის ფასს, 68 დოლარიოდან 89 დოლარამდე გაიზარდა. ეს არის ხაზგასმა იმისა, თუ რამდენად გაიზარდა საერთაშორისო ბიზნესმენების და ინვესტორების ნდობის ფაქტორი საქართველოს ეკონომიკის მიმართ. გარდა ამისა უნდა ავღნიშნო, რომ ივნისის მონაცემებით ექსპორტი 9%-ით არის გაზრდილი.

მეორე საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის რთველი, რომელიც ამ პერიოდში მთავარობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი და საზრუნავი უნდა იყოს.

გუშინ კახეთში მოსახლეობას შევხვდი. მათი მთავარი და ერთადერთი საკითხი რთველია. ამისთვის მაქსიმალურად ვართ მომზადებულები საჭირო თანხები ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ წელს ბევრად უფრო მეტი მოსავალი იქნება, ვიდრე ეს გასულ წელს იყო. შესაბამისად გარკვეული თანხების დამატება მოგვიწევს. ჩვენი გადაწყვეტილებით, იაფი კრედიტის რაოდენობას სხვა მიმართულებებით შევამცირებთ და სწორედ კახეთის და რთველის მიმართულებით გავზრდით,''-განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური