საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 14 აგვისტოს მთავრობის სხდომა

2009 წლის 14 აგვისტოს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში 31 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამდენიმე ეკონომიკურ მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება.

პრემიერმა ისაუბრა სახაზინო ვალდებულებებზე. მან განმარტა, რომ ეს ინსტრუმენტი ერთროულად, რამდენიმე პარამეტრის მაჩვენებელია.

ერთის მხრივ ის აჩვენებს, თუ რაოდენ ჯანსაღია საბანკო-საფინანსო სექტორია ქვეყანაში და მეორეს მხრივ, არის თუ არა ნდობა სამთავრობო ეკონომიკური პროგრამის მიმართ.

პრემიერ-მინისტრმა მაგალითისთვის აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის პირეთის ქვეყნები მოიყვანა, სადაც სახაზინო ვალდებულებების გამოშვება რეალურად კრახით დამთავრდა.

"ჩვენს შემთხვევაში მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს ერთად , მათი კოოპერატიული და კარგი მუშაობისთვის.
მინდა ვთქვა,რომ ეს იყო, სახაზინო ვალდებულებების გამოშვების ერთერთი, ყველაზე წარმატებული მაგალითი. ის ფაქტი, რომ საპროცენტო განაკვეთი 6% დაბალია, მიუთითებს იმაზე, თუ როგორი ჯანსაღია ერთ მხარეს საფინანსო-საბანკო სექტორი, ხოლო მეორე მხარეს, არის ნდობა, ეკონომიკის და ეკონომიკური წინსვლის მიმართ, როგორც ბიზნეს სფეროს, ასევე საზოგადოების მხრიდან. ამასვე ადასტურებს ქვეყნის სუვერენული ევროფონდის ფასის ზრდა. მოგეხსენებათ ჩვენ გასულ წელს გამოვუშვით 100 დოლარში ნომინირებული ევრობონდები. მისი ფასი მიმდინარე წლის აპრილის თვეში 62 დოლარამდე დაეცა. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ევროობლიგაციების ფასის ზრდას, რაც უკვე 92 დოლარამდეა მიღწეული. ეს ფაქტი, გარკვეულ წილად მიანიშნებს საერთაშორისო ეკონომიკურ საზოგადოებაში გარკვეულ ეკონომიკურ ნდობაზე ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან მიმართებაში."

პრემიერ-მისნიტრმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის მიერ საზოგადოებისა და ეკონომიკისათვის შეთავაზებულ ფინანსურ პაკეტს დადებითი ეფექტი ექნება.

"ვიმედოვნებ ,რომ ეს პაკეტი უფრო დიდ ეფექტს შემოდგომის პერიოდში გამოიღებს. რეალურად შედეგებს ჩვენ ვნახავთ, როგორც დასაქმების, ასევე ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით."- განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური