საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 27 აგვისტოს მთავრობის სხდომა

2009 წლის, 27 აგვისტოს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა, დღის წესრიგში 14 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი. 

სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ახალ ეკონომიკის მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს მიესალმა და წარმატება უსურვა.

,,განსაკუთრებით მინდა მივესალმო ახალ ეკონომიკის მინისტრს, გუნდის ახალ წევრს, ზურაბ პოლოლიკაშვილს. მან საკმაოდ რთული სამინისტრო ჩაიბარა და ახალ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ მას გავაცნოთ ყველა ის პრობლემა, რაც ეკონომიკის სამინისტროსთან მიმართებში არსებობს. ეკონომიკის სამინისტროსთან და ახალ მინისტრთან ერთობლივი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

გარდა ამისა, მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრო. ეს ეხება სარეიტინგო სააგენტო ,,Fitch Ratings'', რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ქმედითუნარიანობას აფასებს. კომპანიამ, ბოლო 6 თვის მონაცემების შეფასება არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ჩაატარა. საქართველოს შეფასება გუშინ გამოქვეყნდა. ჩვენი რეიტინგი ერთი საფეხურით აიწია, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სარეიტინგო მუხლის აწევა ნიშნავს იმას, რომ ქართველ ბიზნესმენებს შეეძლებათ უფრო იაფად აიღონ სესხი და უფრო იაფად მოიზიდონ ინვესტიციები უცხოეთიდან. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, ჩვენი ინფორმაციით არცერთი ქვეყნისთვის რეიტინგი არ აუწევიათ, პირიქით, გარდა საქართველოსი სარეიტინგო მონაცემები ყველას შეუმცირეს. ჩვენ, ამ ყველაფერს გადავამოწმებთ და ამ სარეიტინგო კომპანიის საქმიანობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას მოგაწოდებთ. კომპანიის წარმომადგენლები გასული თვის განმავლობაში იყვნენ ჩამოსულები და ეკონომიკური განვითარების პრობლემატიკა ყველა მიმართულებით შეისწავლეს. სწორედ ამის საფუძველზე გაკეთდა შემდგომი შეფასება. ინტერნეტის მეშვეობით ყველას შეუძლია ნახოს ,, Fitch Ratings'' ექსპერტების შეფასება, საქართველოსთან დაკავშრებით," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

საუბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრი იაფი კრედიტის ფარგლებში გაცემული სესხების საკითხსაც შეეხო. ,,სხვადასხვა მონაცემებს განვიხილავთ და მინდა ვთვა, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც სესხი იაფი კრედიტის ფარგლებში აქვთ აღებული, გადახდის პერიოდს სავარაუდოდ გავუგრძელებთ," - დასძინა მან.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური