2009 წლის 22 დეკემბრის მთავრობის სხდომა

 2009 წლის 22 დეკემბრის მთავრობის სხდომა 2009 წლის 22 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 42 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი. 

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათ, არც თუ ისე მარტივი უწყებები ხვდათ. "ბევრი რამ უკვე გაკეთებულია, თუმცა საკმაოდ ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი. მინდა წარმატებები ვუსურვო ორივეს," - აღნიშნა მან.

ნიკა გილაური სტატისტიკის დეპარტამნეტის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებს შეეხო. „მესამე კვარტლის დათვლა დასრულდა. მათი გათვლებით, მესამე კვარტალი მინუსიანი დაახლოებით 1,3 % იყო. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ მიმდინარეობას, რაც წლის დასაწყისიდან მოდის, არც თუ ისე ცუდი შედეგია. მინდა ვთქვა, რომ პირველი კვარტალი დამთავრდა მინუს 5,9%, მეორე კვარტალი მინუს 10 % და მესამე კვარტალის შედეგია მინუს 1,3 %. ეკონომიკური ზრდის ჯამური სამი კვარტლის მონაცემები არის მინუს 5,5 % .

მეოთხე კვარტალს ველოდებით პოზიტიურს, ჯამში ვფიქრობთ, რომ იქნება მინუს 4% და მეოთხე კვარტალის შედეგი იქნება დაახლოებით +2 +3 %. ამის საფუძველს გვაძლევს ოქტომბრის და ნოემბრის მაჩვენებელი. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე ახლოს მთლიან შიდა პროდუქტთან კორალაციაში მოდის დღგ-ს ბრუნვები, რომლებსაც საგადასახადო დეპარტამენტი აგროვებს და აკეთებს მის სტატისტიკას. ამ ბრუნვების მიხედვით, თუ გასული თვეები პირველი სამი კვრატალი იყო მინუსიანი, ოქტომბრის თვე დღგ-ს ბრუნვების მიხედვით არის პლიუსიანი +2,2 %. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი წელი აქტივობის თვალსაზრისით დადებითი და პოზიტიური იქნება. ასევე ხაზი მინდა გავუსვა ნოემბრისა და დეკემბრის დასაწყისის მონაცემებს. ვგულისხმობ, საბანკო სექტორს და ჯამურ საკრედიტო პორტფელს. ნოემბერი და დეკემბერი პირველი თვეებია, როდესაც საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელები გაიზარდა. აქამდე, ჩვენ ყოველთვიურად ვაკვირდებოდით პირევლი 7 თვის განმავლობაში საკრედიტო პორტფელის შემცირებას. სექტემბერში შემცირება შეჩერდა, ოქტომბერი, ნოებმბერი დეკემბრი კი პირველი თვეებია, როდესაც სერიოზული ზრდა გვაქვს.

ეს ნიშნავს, რომ კერძო სექტორი უფრო და უფრო აქტიურდება და მისთვის კრედიტები ბევრად ხელმისაწვდომი ხდება. ეს მაჩვენებლები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას, როგორც დეკემბის ბოლომდე, ასევე მომავალი წლის დასაწყისში,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური