საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობამ და გაერომ თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი ამოსაბეჭდი ვერსია

2010 წლის 14 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივმა კოორდინატორმა ჯეიმი მაკგოლდრიკმა ხელი მოაწერეს პროგრამას „გაეროს გეგმა განვითარების ხელშეწყობისთვის", რომელშიც 2011-2015 წლებში საქართველოს მთავრობასთან გაეროს თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებებია გაწერილი.

თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს მთავრობის, გაეროს სააგენტოთა ჯგუფის, დონორების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად შეიქმნა. ,,გაეროს გეგმა განვითარების ხელშეწყობისთვის" საქართველოს ეროვნული განვითარების პრიორიტეტებსა და ათასწლეულის განვითარების მიზნებს შეესაბამება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ „პროგრამა იმ ძირითად მიმართულებებს აღწერს, რომლებითაც გაეროსთან ერთად მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ვიმუშავებთ. აქაურ წარმომადგენლობას დიდი მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციის ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ეს ყველაფერი გაგრძელდება.

5 წლიან პროგრამას მოეწერა ხელი. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოსთვის 190 მლნ დოლარი იქნება გამოყოფილი. პროგრამა განსაზღვრავს სამ მიმართულებას: პირველი, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა (სიღარიბის დაძლევა), ჯანდაცვა და განათლება, მეორე არის დემოკრატიული განვითარება და მესამე - კატასტროფის რისკის შემცირება. ეს არის სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც განხილულია და შეთანხმებული ამ დოკუმენტში. "

როგორც დოკუმენტში არის აღნიშნული, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გაერო მიზნად ისახავს, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოსა და მისი ხალხის უკეთესი მომავლის მშენებლობაში და მუშაობა წარმართოს შემდეგი მიმართულებით: მზარდი და ინკლუზიური განვითარება, ჯანდაცვის, განათლებისა და აუცილებელი სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობა; დამოუკიდებელი, სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის სისტემებისა და პროცესების ხელშეწყობა, რაც ეფუძნება კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპებს; კატასტროფის რისკის შემცირება და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გაუმჯობესება. ასევე მნიშვნელოვან, კომპლექსურ საკითხებად არის მიჩნეული კონფლიქტის პრევენცია და კონფლიქტისშემდგომი ვითარების გამოსწორება. გაეროს საქმიანობა კვლავაც ორიენტირებული იქნება სოციალურად დაუცველი ჯგუფების – უპოვრები, უნარშეზღუდულები, იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები და სხვ. _ დახმარებაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური