საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი IFC-ს ხელმძღვანელს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ხელმძღვანელსა და აღმასრულებელ ვიცე–პრეზიდენტს ლარს თანელს შეხვდა2010 წლის 25 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ხელმძღვანელსა და აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ლარს თანელს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს მხარდაჭერისთვის სტუმარს მადლობა გადაუხადა.

„ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის ლარს თანელს და IFC -ის მადლობა მინდა გადავუხადო. მოგეხსენებათ, 2008-2009-2010 წლებში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ.

ამ ორგანიზაციებიდან ერთერთი მნიშვნელოვანია IFC. მათ მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი პორტფელი 360 მლნ დოლარზე მეტია. ეს პორტფელები სხვადასხვა მიმართულებით არის გამოყოფილი.

ერთერთი მთავარი მიმართულება საბანკო სექტორი იყო და რჩება. ამან გამოიწვია ის, რომ დღევანდელი საბანკო სექტორი ჯანსაღია და უკეთ ვითარდება.

დღეს ახალ პროექტებზე ვისაუბრეთ: IFC-ის მიერ მომავალში სოფლის მეურნეობის პროექტების, ჰიდროენერგეტიკული პროექტების, საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე და საბანკო სექტორისთვის დამატებით გამოყოფილ პორტფელებზე.

ეს არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია და მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელსაც მინდა მადლობა გადავუხადო და იმედი გამოვთქვა, რომ მომავალშიც პარტნიორობა გაგრძელდება და საქართველოსთვის უფრო დიდი პორტფელები იქნება გამოყოფილი, "- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური