საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა ბიზნესმენები დააჯილდოვა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრმა ბიზნესმენები დააჯილდოვა2010 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 5 ქართული კომპანიას, რომლებსაც კარგი საგადასახადო ისტორია აქვთ: შპს „შარავანდს", შპს „ფეშენ ჰაუზს", შპს „ხაშმს", შპს „დაგი-777-ს" და ი/მ „ტარიელ გოგიტიძეს" - „პატიოსანი გადამხდელის სერტიფიკატი" გადასცა.

კეთილსინდისიერი და პატიოსანი გადამხდელის მოტივირებისთვის საქართველოს მთავრობა „პატიოსანი გადამხდელის სერტიფიკატის" გადაცემის ინიციატივით გამოდის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავრობა ბიზნესს თანამშრომლობისთვის ასეთი ფორმით აჯილდოვებს.
პატიოსანი გადამხდელი პირნათლად ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს. მისი ურთიერთობა სახელმწიფოსთან ღია და ტრანსპარეტულია. ასეთი გადამხდელების მიერ გადახდილი გადასახადები ხმარდება ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე პრიორიტეტულ და სასიცოცხლო მნიშვნელობის პროგრამებს:

• პენსიონერებისა და პედაგოგების დაფინანსებას

• ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს

• განათლებას

• საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას

• ქვეყნის უსაფრთხოებას

• კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ა.შ.
პრემიერ–მინისტრმა ბიზნესმენები დააჯილდოვა
„პატიოსანი გადამხელის სერტიფიკატს" მქონე კომპანია მეტი ნდობით ისარგებლებს სახელმწიფოს მხრიდან. მისი მონაცემები მოხვდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ასევე დაბალი რისკის მქონე კომპანიების სიაში. ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით კი, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული დავების განხილვის საბჭოში შესაძლებელია მოხდეს „პატიოსანი გადამხდელის სერტიფიკატის" მქონე კომპანიისთვის დარიცხული თანხების გაუქმება, თუკი სამართალდარღვევა შეცდომამ გამოიწვია.

პირველი ხუთი ქართული კომპანიისთვის „პატიოსანი გადამხდელის სერტიფიკატის" გადაცემის შემდეგ, საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ მათი რიცხვი სწრაფად გაიზრდება და პატიოსანი საქმიანობა, უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნა, სახელმწიფოსა და ბიზნესის საერთო ინტერესი გახდება.

მთავრობის ინიციატივა „ახალი კურსის" შემადგენელი ნაწილია, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემის შექმნას.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური