საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 2 მარტის მთავრობის სხდომა

2010 წლის 2 მარტის მთავრობის სხდომა 2010 წლის 2 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 54 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2010 წლის იანვრის და თებერვლის ეკონომიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

ქვემოთ გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის შესავალ სიტყვას:

„დასრულდა თებერვალი. საზოგადოებას გასული თვის ეკონომიკური აქტივობის შესახებ გარკვეული მონაცემები და ციფრები აინტერესებს. მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთ სახეობაში დათვლას ერთი თვე სჭირდება. შესაბამისად, იანვრის ციფრები გარკვეული მიმართულებებით...მინდა გაგაცნოთ.

რაც შეეხება იანვარს, ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტის ციფრია. აქ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. 2010 წლის იანვარში 2009 წლის იანვართან შედარებით, ექსპორტი 72%-ით არის გაზრდილი. ზრდა კონკრეტული არ არის, ზრდა გვაქვს თითქმის ყველა საექსპორტო პროდუქციის მიმართულებით.

ასევე მინდა გითხრათ, რომ იანვრის თვის მონაცემებით ჩვენს ხელთ არის ჯამური გადაზიდვების ციფრები, აქ ზრდა 10%-ია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის ეკონომიკა იზრდება და წინ მიდის...

რაც შეეხება თებერვალს - ანალიზი გავუკეთეთ უძრავი ქონების ბაზარს, ავტომობილების ბაზარს და იპოთეკური სესხების მონაცემებს... უძრავი ქონების ბაზარზე ზრდა არის 11%, უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები 11,7%-ით არის გაზრდილი, (აგრეთვე) გაზრდილია იპოთეკური სესხები. ეს მისასალმებელია, რადგანაც საბანკო სექტორიც გააქტიურდა და მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას და ეკონომიკაში კონტრიბუციას აკეთებს. საგრძნობლად გაზრდილია გადასახადებიდან შემოსავლები. ჯამური გადასახადები გაზრდილია 9%-ით, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მონაცემი, რომელსაც ყველაზე დიდი კორელაცია აქვს ეკონომიკაზე არის დღგ-ს შემოსავლები. (ამ მიმართულებით 2009 წლის) თებერვალი (2010 წლის) თებერვალთან რომ შევადაროთ, 13%-იანი ზრდა გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ (2009 წლის) იანვარი (2010 წლის) იანვართან შედარებით, დღგ-ს ზრდა 12% იყო. იმედს გამოვთქვამ, რომ მარტიც ასეთივე პოზიტიური იქნება და საკმაოდ პოზიტიურად დავამთავრებთ პირველ კვარტალს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირი ექსცესი დასრულებულია. გასული წლის მეოთხე კვარტალი პოზიტიური გვქონდა. პოზიტივი მცირე იყო, 0.5-1%... თუმცა ამა წლის პირველი კვარტალი ნამდვილად პოზიტიური იქნება... ყველაფერი იმაზე მიგვითითებს, რომ ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად არის გაზრდილი". არამარტო ერთჯერადი მიმართულებით და რომელიმე ერთი ინდუსტრიის მიმართულებით, არამედ მთელ სპექტრზე სხვადასხვა ინდუსტრიებში."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური