საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 10 მარტის მთავრობის სხდომა

2010 წლის 10 მარტის მთავრობის სხდომა 2010 წლის 10 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 63 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განათლების სისტემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის შესავალ სიტყვას:

„დღევანდელი მთავრობის სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი განათლების სისტემა და განათლების სისტემის რეფორმები იქნება... ამ სფეროში ბევრი რამ გაკეთდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გავატარეთ. თუმცა ვიცი, რომ განათლების სამინისტრო ბოლო თვეების განმავლობაში იმ ხარვეზებს სწავლობდა, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩენილია სისტემაში. (სამინისტრო) გარკვეულ პოლიტიკას ამუშავებს (იმასთან დაკავშირებით), თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ხარვეზები.

საზოგადოებას ის მიმართულებები და სიახლეები მინდა წარვუდგინო, რომლებზეც შევთანხმდით და უახლოეს თვეებში განვახორციელებთ...

ერთ-ერთ მთავარი ხარვეზი ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის არარსებობა აღმოჩნდა. სკოლებში გარკვეული პრობლემაა, როდესაც მეხუთე კლასიდან ბავშვი მეექვსე კლასში გადადის. ლოგიკური ბმა ამ ორ კლასს შორის არ არის ხშირ შემთხვევაში იმის გამო, რომ წიგნები და პროგრამები იცვლებოდა. ვიცი, რომ განათლების სამინისტრო ამაზე უკვე მუშაობს. ამა წლის პირველი სექტემბრიდან ჩვენ გვექნება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც მინიმალურ კრიტერიუმებს დააწესებს. სკოლებს უნდა ქონდეთ იმის თავისუფლება, თუ როგორ და რა სტილით ასწავლონ ბავშვებს, მაგრამ... პირველი სექტემბრიდან დაწესებული იქნება თუ რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო პროგრამა ამა თუ იმ კლასში.

მეორე ხარვეზი, რომელსაც წავაწყდით ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემაა. არის დისპროპორცია, გარკვეულ სკოლებში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 200 ლარზე მეტია, ხოლო სკოლის დირექტორის ხელფასი იყო შემცირებული. 1000-ზე მეტი სკოლაა, როგორც ვიცი, სადაც დირექტორის ხელფასი არის მინიმალური 130-140 ლარი. ჩვენი გადაწყვეტილებით, ყველა სკოლის დირექტორის მინიმალური ხელფასი იქნება 300 ლარი...
განათლების სექტორში შემდეგი სიახლე, რომელიც გვინდა შევთავაზოთ საზოგადოებას არის უსაფრთხო სკოლის კონცეფცია. ამაზეც განათლების სამინისტრო ძალიან კონკრეტულად მუშაობს. აპრილიდან ექსპერიმენტს დავიწყებთ. თბილისის 10 სკოლაში ჩამოყალიბდება მანდატურის სამსახური, რომელიც იქნება უსაფრთხო სკოლის კონცეფციის უზრუნველმყოფელი...

ასევე მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ჩვენ უახლოეს თვეებში, აპრილ-მაისში, განათლების სფეროში შემოვიღებთ. ეს არის სპეციალური სასკოლო ბარათები. დღეს მოსწავლეს ნაღდი ფული სჭირდება, იმისათვის რომ სკოლის სასადილოში რამე შეიძინოს. ჩვენს მიერ შემოღებული სასკოლო ბარათები ანგარიშსწორების საშუალება იქნება და ბავშვს ნაღდი ფული არ დასჭირდება. აგრეთვე, ეს ბარათები მიბმული იქნება sms (მოკლე ტექსტური შეტყობინებების) სისტემას და მშობელს sms-ი მოუვა იმ მომენტში, როდესაც ბავშვი სკოლაში შევა ან სკოლას დატოვებს. ეს დამატებით კომფორტს შეუქმნის მშობელს, მას ზუსტად ეცოდინება სად არის მისი ბავშვი ამა თუ იმ მომენტში. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს სისტემა უახლოეს დღეებში დავნერგოთ."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური