საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 19 მარტის მთავრობის სხდომა

2010 წლის 19 მარტის მთავრობის სხდომა 2010 წლის 19 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 46 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.  დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე ყურადღება გაამახვილა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„ბრიუსელის ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იყო. ზოგს უნდა, რომ საქართველომ ევროკავშირის მხარდაჭერა დაკარგოს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი საპირისპიროდ ხდება.

დღეს ევროკავშირთან საუკეთესო ურთიერთობები გვაქვს. ეს გამოჩნდა არა მხოლოდ შეხვედრებზე და განცხადებებში, რომლებიც გააკეთეს ბატონებმა ვან რომპუიმ და ბაოროზომ, არამედ კონკრეტულ ხელშეკრულებებში.

ევროკავშირთან ამდენი ხელშეკრულება ერთდროულად არასოდეს არ გვქონია. ბოლო 4-5- თვის განმავლობაში დასრულდა მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აგრეთვე, დასრულდა მოლაპარაკებები საჰაერო მიმოსვლების და გეოგრაფიული დასახელებების ხელშეკრულებებზე. სამივე შემთხვევაში, მოლაპარაკებები დასრულებულია და ევროკავშირში ტექნიკური პროცედურები მიმდინარეობს, ამ ხელშეკრულებებს უახლოეს თვეებში მოეწერება ხელი.

რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, საქართველოს მოქალაქეებისათვის გამარტივებული პროცედურები იქნება, თითქმის განახევრდება სავიზო მოსაკრებელი. გარკვეული კატეგორიისთვის, მაგალითად, სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სპორტსმენებისთვის მოსაკრებელი იქნება განულებული. ბიზნესმენებს, სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ბევრად უფრო გამარტივებული პროცედურებით 5 წლიანი ვიზების აღების საშუალება მიეცემათ.

როგორც ბატონმა ბაროზომ აღნიშნა, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ამ რეგიონში, რომელსაც ეს ხელშეკრულება გააჩნია. ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ ივნისში და ძალაში შევა სექტემბერ-ოქტომბერში.

რაც შეეხება ავიაციის შესახებ ხელშეკრულებას, მას უახლოესი თვეების განმავლობაში მოეწერება ხელი . ეს, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ავიაკომპანიას შესაძლებლობა ექნება თბილისში იფრინოს.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ევროპული ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც თბილისი დაფრინავენ შეზღუდულია, ასევე შეზღუდულია იმ ევროპის ქალაქების დასახელებები, რომლებსაც თბილისიდან პირდაპირ ვუკავშირდებით. (ხელშეკრულების მიხედვით) არეალი გაიზრდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტების დასამყარებლად.

უახლოეს მომავალში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ დავიწყებთ მოლაპარაკებებს. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და თუ ამ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, გვექნება (ეკონომიკის სფეროში) აბსოლუტურად ყველა იურიდიული დოკუმენტი გაფორმებული ევროკავშირთან, რაც შეიძლება იმ ქვეყანას ჰქონდეს, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი.
კოლეგებს ბრიუსელში მადლობა მინდა გადავუხადო ძალიან კარგი შეხვედრებისთვის და იმედი გამოვთქვა, რომ უახლოეს თვეებში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე დავიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს. "

აგრეთვე, პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გოგა ხაჩიძეს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს საქართველოში სტიქიასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ მთავრობის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური