საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 28 აპრილის მთავრობის სხდომა

2010 წლის 28 აპრილის მთავრობის სხდომა 2010 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობის სხდომა ქ.თელავში გაიმართა.დღის წესრიგში 26 საკითხი იყო შეტანილი.  დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"წელს კახეთში 130 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება როგორც სასმელი წყლის პროექტზე, ასევე სკოლების რეაბილიტაციაზე და რემონტზე, გზებზე, საგზაო ინფრასტრუქტურაზე, ხიდებზე, გარეგანათებაზე და სხვა მრავალზე. ერთერთი მთავარი პროექტი აქ გომბორის გზა არის, რომელიც წელს ოქტომბრამდე დასრულდება. ამაზე წელს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, ამ გზაზე დაფინანსება, გარკვეულწილდ, აზიის განვითარების ბანკიდანაც არის გამოყოფილი. შესაბამისად, ჩვენ ამ დაპირებას, რომელიც კახეთის მოსახლეობას მივეცით ორიოდე წლის წინ, შევუსრულებთ და ეს გზა დასრულებული იქნება.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს პროექტები კარგია, ბევრი რამ გაკეთდა კახეთში, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მომავალშიც ბევრს გავაკეთებთ, იმიტომ რომ მთავარი არის სამუშაო ადგილების შექმნა.
ჩვენ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს იმისათვის ვაკეთებთ, რომ ვებრძოლოთ უმუშევრობას და ამ რეგიონში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, რაც შეუძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს. ეს ჩვენი მთავარი მიზანია, ეს ჩვენი მთავარი მიზანი იყო და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.

მინდა ვთქვა, რომ ამ მთავარი მიზნის მისაღწევად ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვაკეთებთ - კერძო სექტორს უნდა ჰქონდეს მისასვლელი გზა, ელექტროენერგია, გაზი, შესაბამისი კანონმდებლობა, არ უნდა იყოს კორუფცია და მას შეეძლოს თავისუფლად ამუშაოს თავის საწარმო, ჰქონდეს მოგება და დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა.

ეს არის ჩვენი და ამ ინფრასტრუქტურული პროექტბის მიზანი, რომლებსაც ჩვენ კახეთში და საქართველოს სხვა რეგიონებში ვახორციელებთ.

მეორე თემა, რომელსაც მინდა შევეხო მთავრობის სხდომის დაწყებამდე სტიქიაა, რომლის გამო კახეთი წელს გართულებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მინდა ვთქვა, რომ სტიქიასთან ბრძოლაში არა მარტო ადგილობრივი ხელისუფლება იქნება ჩართული, არამედ ცენტრალური ხელისუფლებაც. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა ეს პრობლემა უახლოეს დღეებში გადაიჭრას."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური