საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 5 მაისის მთავრობის სხდომა

2010 წლის 5 მაისის მთავრობის სხდომა 2010 წლის 5 მაისს ქ.რუსთავში საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 51 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა რამოდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. გთავაზობთ ნიკა გილაურის სიტყვას:

„პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობის ამ პერიოდის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი 2010 წლის მაისში საარჩევნო პროცესის სწორედ და გამჭვირვალედ წარმართვაა. ჩვენი მიზანია, რომ საერთაშორისო პრინციპები სრულად იყოს დაცული. ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ, ძალიან ბევრი რამ უკვე გავაკეთეთ.

როგორც მოგეხსენებათ, ამ პერიოდის განვამლობაში ოპოზიციურ პარტიებთან ვითანამშრომლეთ და საარჩევნო კანონმდებლობაში, მედიის სფეროში, საარჩევნო კომისიის ფორმირებაში საკმაოდ მნშვნელოვანი ცვლიელბები შევიტანეთ.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს ეს პროცესი, ჩვენ ... დამკვირვებელი მოვიწვიეთ. 400-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა საქართველოში საარჩევნო პროცესის დასაკვირვებლად. მინდა კატეგორიულად გავაფრთხილო და ვთხოვო ყველა საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანს, რომ დაიცვას საარჩევნო კოდექსი. ყველაფერთან ერთად ეს ისჯება კანონმდებლობით. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადმინისტრაციული რესურსი არ იყოს გამოყენებული ამ არჩევნებზე. მაქსიმალურად გვინდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ იმ დემოკრატიულ გზას, რომელსაც დაადგა, საქართველო არ გადაუხვევს. ამიტომ, ყველა საჯარო მოხელეს კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ და ვთხოვ, რომ მაქსიმალურად დაიცვას ყველა წესი და კანონი, რაც საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული. ამ (საკითხით) მინდოდა დამეწყო მთავრობის სხდომა.

რაც შეეხება კონკრეტულად მთავრობის სხდომის დღის წესრიგს და საკითხებს. დღეს სხდომას ქ. რუსთავში ვატარებთ. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხები დაკავშირებული იქნება ქვემო ქართლთან, იმ პროექტებთან, რომლებსაც ვახორციელებთ ქვემო ქართლში, რას ვაპირებთ აქ, რა პრობლემები გვაქვს და უახლოეს მომავალში როგორ ვაპირებთ ამ პრობლემების გადაწყვეტას.

მინდა გითხრათ, რომ წელს ქვემო ქართლში ჯამში 162 მლნ ლარი დაიხარჯება. არა მგონია, რომ როდესმე ამ რეგიონში ამხელა თანხა დახარჯულიყო. თანხა მოხმარდება როგორც სოფლის პროგრამას, ასევე სკოლების რეაბილიტაციას, რემონტს, საგზაო ინფრასტრუქტურის შეკეთებას, წყლის ინფრასტრუქტურას - ბევრ საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური