საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 18 ივნისის მთავრობის სხდომა

2010 წლის 18 ივნისის მთავრობის სხდომა 2010 წლის 18 ივნისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში 47 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„ორი საკითხი მინდა გამოვყო, რომლებიც საზოგადოებას განსაკუთრებით დააინტერესებს. პირველი, კანონპროექტი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების შესახებ, რომელსაც დღეს განვიხილავთ. იმედია, პარლამენტში დღესვე გადავაგზავნით. ეს კანონმდებლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას ხელს შეუწყობს. ისევე, როგორც შექმნილია თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც ექსპორტზე მომუშავე კომპანიებს მაქსიმალური საგადასახადო შეღავათები ეძლევათ, ასევე გვინდა მთელი საქართველო თავისუფალი გადასახადების ზონად გამოვაცხადოთ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ კომპიუტერული ტექნოლოგიების უზრუნველყოფაზე ე.წ. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე.

კომპანიას, რომელიც დღეს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მუშაობს, შეუძლია (თავისი) კომპანია საქართველოში დაარსოს, ინფორმაციული ტექნოლოგიები საქართველოში განავითაროს და ამაში მან მინიმალური გადასახადები გადაიხადოს. ეს ჩვენი მიზანია. დღეს ამ კანონპროექტს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, კანონპროექტი კიდევ დასამუშავებელი იქნება და პარლამენტარებთან ერთად გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას.

მეორე დოკუმენტი, რომელზეც მინდა საზოგადოების ყურადღება შევაჩერო, არის ხელშეკრულება, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ. ეს არის მთავრობასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს (ე.წ. უძრავი ქონების ბროკერებს) შორის ხელშეკრულება.

სამწუხაროდ, პრივატიზაცია ისეთი ტემპით არ მიმდინარეობს, როგორც ჩვენ გვინდოდა. გადავწყვიტეთ პრივატიზაციის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართვა. ეკონომიკის სამინისტრო დაუდებს ხელშკრულებას კერძო სექტორის წარმომადგენლებს, კომპანიებს, რომლებიც ჩვენ მოგვეხმარებიან პრივატიზაციის ჩატარებაში: ახალი კლიენტების, ახალი მყიდველების, ახალი ინვესტორების მოძებნაში, რათა ამ კომპანიებმა შემდეგ აუქციონებში მიიღონ მონაწილეობა და წელს პრივატიზაცია მაქსიმალურად წარმატებულად წარვმართოთ.

ამასთან დაკავშირებით, დღეს ეკონომიკის სამინისტროში გაიმართება სპეციალური ხელმოწერის ცერემონია. ეკონომიკის სამინისტრო რამოდენიმე კომპანიასთან ამ ხელშეკრულებაზე მოაწერს ხელს, რომლის მიხედვით კომპანიებს ექნებათ უფლება ინვესტორებთან ურთიერთობაში, ასე ვთქვათ, წარმოადგინონ სახელმწიფო იმისათვის, რომ პრივატიზაციის პროცესი კიდევ უფრო მაღალი ტემპებით წინ დავძრათ. "

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური