საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ მონაწილეობა მიიღო რეგიონულ კონფერენციაში ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-03

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო რეგიონულ კონფერენციაში „სოციალურად ინკლუზიური სოფლად განვითარება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში: ქმედება 2030 დღის წესრიგისათვის".

კონფერენციის მიზანი იყო საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით იმის დემონსტრირება, თუ რამდენად შეუძლია უპასუხოს სოფლის მეურნეობის და სოფლად განვითარების პოლიტიკამ სოფლად მცხოვრებთა საჭიროებებს, გააუმჯობესოს მათი საარსებო წყაროები და მთლიანობაში ხელი შეუწყოს მდგრად სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.

სოფო ჯაფარიძის მოხსენება ეხებოდა სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე. მოხსენების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში გენდერულ მეინსტრიმინგზე, ამ მხრივ არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ასევე შეეხო მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციისა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერების პროცესებს.

ორ დღიანი კონფერენცია ქ. ვილნიუსში გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროპული ინსტიტუტი გენდერული თანასწორობისთვის(EIGE).