საქართველოს მთავრობა – სიახლეები

შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-05

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფიო ჯაფარიძე მსოფლიო ბანკის გენდერის მიმართულების ხელმძღვანელს, კარინ გროუნს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკა, ქალთა და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული გამოწვევები და მიღწევები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოში მოქმედი გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ მექანიზმებზე.

სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა „ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით" გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაზე და დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნო სამომავლო გეგმები. შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო ე.წ. სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის პროცესს და ადგილობრივი კანონმდებლობის ამ უკანასკნელთან შესაბამისობაში მოყვანას.

შეხვედრაზე სოფო ჯაფარიძემ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა დასაქმების ხელშეწყობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, თავშესაფრის დატოვების შემდეგ ძალადობის მსხვერპლთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება, სტერეოტიპების დაძლევა და სხვა.

შეხვედრის შემდეგ, სოფო ჯაფარიძე დაესწრო მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული კვლევის პირველადი შედეგების განხილვას, რომელიც გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობასთან მიმართებით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზს მოიცავს.