საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს მთავრობამ სოციალურ კეთილდღეობაზე და საგარეო დახმარების ეფექტურობის გაზრდის მიზნით დონორებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-24

საგარეო დახმარება და სოციალური კეთილდღეობა; ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა; შეფასებისა და შეზღუდულობის სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელი და დეინსტიტუციონალიზაციის მეორე ფაზა; დევნილთათვის საჭირო რესურსების ოპტიმიზაცია; კულტურის სოციალურ-ეკონომიკური გავლენა და ჯანდაცვა პენიტენციურ სისტემაში - ეს ძირითადი საკითხები განიხილეს საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ სოციალურ კეთილდღეობაზე და საგარეო დახმარების ეფექტურობის გაზრდის მიზნით დღეს დონორებთან გამართა.

შეხვედრა, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძული და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე განვითარების დარგში, იან ჩერნიკი უძღვებოდნენ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ეგიდით, დონორებისთვის ყოველწლიურად ექვსი თემატური საკოორდინაციო შეხვედრა იმართება, რომელიც ეძღვნება შემდეგ საკითხებს - ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა; ეკონომიკური ზრდა; ადამიანური კაპიტალის განვითარება; სოციალური კეთილდღეობა; კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება; დემოკრატიული მმართველობა.