საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოში კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი გააქტიურდება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-28

1  2

3

საქართველოში კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი უფრო აქტიური გახდება, - ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის  წარმომადგენლებმა ხუთწლიანი სტრატეგია წარადგინეს, რომელიც კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებულ ადამიანთა ხვედრის გარკვევას, რაც შეიძლება მეტი ნეშტის მოძიება-ამოცნობასა და ოჯახებისთვის  გადაცემას, ადგილობრივი რესურსების სისტემატურ და მდგრად შესაძლებლობების განვითარებასა და მათ მაქსიმალურ ჩართულობას ისახავს მიზნად.

მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, აღნიშნულ თემაზე, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შესაბამისი წარმომადგენლები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის 30-მდე თანამშრომელი ერთობლივი ძალისხმევით იმუშავებენ.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ დეტალების განსახილველად, სამუშაო შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან ორმხრივ ფორმატში გაგრძელდება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასეს. მათი შეფასებით, სახელმწიფო უწყებებთან ერთობლივი ძალისხმევით არსებული გამოწვევების დაძლევა შესაძლებელი გახდება.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მადლობა გადაუხადა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძიებლად გაწეული 7 წლიანი მუშაობისათვის და მათთან კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

შეხვედრაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების მოადგილეები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები, ასევე - მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.